გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პარიზში ინვალიდების სასახლეში გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პარიზში, რესპუბლიკური გვარდიის საპატიო ყარაულის პირადი შემადგენლობის მონაწილეობით, ინვალიდების ისტორიულ სასახლეში გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტს სასახლის ეზოს შესასვლელთან საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპულ საქმეთა სახელწიფო მდივანი არლემ დეზირი და საფრანგეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერლის მოადგილე პიერ გრეგო დახვდნენ.
ინვალიდების სასახლის ეზოში საფრანგეთის რესპუბლიკის გვარდიის სასულე ორკესტრმა შეასრულა საქართველოს და საფრანგეთის სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოს პრეზიდენტმა პატივი მიაგო საფრანგეთის დროშას.
საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიას ესწრებოდნენ პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის წევრები – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში დღეს დაიწყო და 23 აპრილს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები