დავით სერგეენკო: კლინიკები არ გვაწვდიდნენ ინფორმაციებს გადანერგვის ოპერაციების შესახებ, რაც მიუღებელია
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მთავრობის დადგენილების იმ პროექტის შესახებ განმარტებებს აკეთებს, რომელიც „ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის წესის დამტკიცებას“ ეხება.
როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც კლინიკები არ გვაწვდიდნენ ინფორმაციებს გადანერგვის ოპერაციების შესახებ, რაც მიუღებელია.
მინისტრის განცხადებით, დადგენილებით გასწორდა ის შეუსაბამომები, რომელიც 2001 წლის კანონსა და 2010 წლის დადგენილებას შორის იყო.
„მიუხედავად იმისა, რომ საკუთრივ დასახელება ერთგვარ ბრუტალურ ელფერს შეიცავს, რეალურად ეს ადმინისტრირების საკითხებია. ადამიანის ორგანოების ტრანსპლანტაცია (გადანერგვა) ერთ-ერთი მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობაა. შეუსაბამობაა 2001 წლის კანონსა და 2010 წლის მთავრობის დადგენილებას შორის, კერძოდ, ის, რომ კანონში ეწერა, სამედიცინო დაწესებულებას ჰქონდა ვალდებულება შეტყობინების შესახებ, ვინ არის დონორი და ვინ არის პაციენტი, ხოლო ლიცენზიებისა და ნებართვების დადგენილების შესახებ დადგენილებაში ეს ვალდებულება არ ეწერა. გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც კლინიკები არ გვაწვდიდნენ ინფორმაციებს, ჩამოჰყავდათ დონორები, მიჰყავდათ პაციენტები და აკეთებნდენ გადანერგვის ოპერაციებს და მთავრობა ამის შესახებ არაფერი იცოდა, რაც მიუღებელია დიდი რისკის გამო და ეს ცვლილება სწორედ ამას ეხება“, – განაცხადა სერგეენკომ.