საპარლამენტო დელეგაციამ ლიბანის მთავრობასთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრა
ლიბანში ვიზიტით მყოფმა საპარლამენტო დელეგაციამ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, შეხვედრები გამართა ლიბანის ინდუსტრიის მინისტრთან ჯო ელ- ხურისთან, ტურიზმის მინისტრთან ლორა ლაჰუდისთან და სავაჭრო პალატის პრეზიდენტთან ვტუფიკ დაბუსთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემები იყო საქართველოსა და ლიბანს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარება, მათ შორის ინვესტიციების და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის ხელშეწყობა.
,,ლიბანური მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესის სფერო საქართველოში არის საინვესტიციო შესაძლებლობები და საგანმანათლებლო სფერო”- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მხარეებმა, როგორც ლიბანური დღეების საქართველოში გამართვაზე, ასევე, ლიბანში საქართველოს დღეების ჩატარებაზე ისაუბრეს.
შეხვედრებისას ისაუბრეს საქართველოს ტურისტული პოტენციალის ათვისებაზე, რასაც ხელს შეუწყობს ზაფხულის სეზონზე პირდაპირი ფრენების დანიშვნა.
ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, მნიშვნელოვანია ეს რეისები მომავალში რეგულარული გახდეს.
მხარეებმა ისაუბრეს ლიბანური მხარისთვის საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარებაზე როგორც საგადასახადო და ბიზნესისთვის დაწესებული საშეღავათო რეჟიმის მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე, ასევე ტურიზმის სფეროში განხორციელებული წარმატებულ რეფორმებთან დაკავშირებით.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია.