დავით სერგეენკომ „ადამიანების ორგანოთა ექსპორტ – იმპორტის წესის“ შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტი წარადგინა
მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „ადამიანების ორგანოთა ექსპორტ -იმპორტის წესის“ შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტი წარადგინა.
სერგეენკოს განცხადებით, კანონში შეუსაბამობა არსებობდა, რითიც სხვადასხვა კლინიკა სარგებლობდა.
„ორგანოების ტრანსპლანტაცია ერთ-ერთი მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობაა. შეუსაბამობაა 2001 წლის კანონსა და 2010 წლის მთავრობის დადგენილებას შორის. კერძოდ, შეუსაბამობა არის ის, რომ კანონში ეწერა, სამედიცინო დაწესებულებას ჰქონდა ვალდებულება შეტყობინების შესახებ, ვინ არის დონორი და ვინ არის პაციენტი, ხოლო ლიცენზიებისა და ნებართვების დადგენილების შესახებ დადგენილებაში ეს ვალდებულება არ ეწერა.
გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც კლინიკები არ გვაწვდიდნენ ინფორმაციებს, ჩამოჰყავდათ დონორები, მიჰყავდათ პაციენტები და აკეთებდნენ გადანერგვის ოპერაციებს და მთავრობა ამის შესახებ არაფერი იცოდა, რაც მიუღებელია, დიდი რისკის გამო და ეს ცვლილება სწორედ ამას ეხება“, – განაცხადა სერგეენკომ.