„გამათბობელი გამართულად მუშაობდა და არანაირი სასიკვდილო გარემო არ შექმნილა“
ტექნიკურ დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ ექსპერიმენტის დროს გაზის გამათბობელი აბსოლუტურად გამართულად მუშაობდა და არანაირი სასიკვდილო გარემო არ შექმნილა,- ამის შესახებ საქართველოს გარდაცვლილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას ძმამ – გოგა ჟვანიამ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მანვე კომენტარი FBI-ის დაკვნაზეც გააკეთა. მისი თქმით, არსებობს FBI-ის ერთადერთი დასკვნა, და ეს არის ტექნიკური ექსპერიმენტი, რომელიც გამათბობელ „ნიკალას“ მუშაობასთან დაკავშირებით ჩატარდა.
„გამოიკვლიეს სისხლი და დაადგინეს სისხლში კარბოქსი გემოგლობინის ოდენობა, ეს არის და ეს. ორი კონკრეტული დასკვნა არის ამ საქმეში, გარდა ამისა, FBI-მ შეისწავლა რამდენიმე ნივთმტკიცებაზე „დე-ენ- ემების“ არსებობა, რომელიც საერთოდ არ იძლევა არანაირ სურათს, იმიტომ რომ ეს არასრულყოფილი შესწავლა იყო. რაც შეეხება დაწერილ დასკვნებს, ეს დასკვნები ჩვენ 9 წლის წინ გავასაჯაროეთ. პირადად მე გავასაჯაროე ეს დასკვნები, და თუ გნებავთ, თავიდან შემიძლია მოგაწოდოთ. ტექნიკურ დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ ექსპერიმენტის დროს ეს გამათბობელი აბსოლუტურად გამართულად მუშაობდა და არანაირი სასიკვდილო გარემო არ შექმნილა, რაზეც ქართულ თარგმანში ეწერა, რომ „CO“-ს დონემ იმ ოთახში უმოკლეს დროში მიაღწია და გადააჭარბა სასიკვდილო დონეს, რაც ტყუილი იყო, და მერე ეს თარჯიმნის შეცდომას დააბრალეს და ა.შ. მთავარი ის არის, რატომ არის ეს აჟიოჟატი და რატომ არიან შეშფოთებულები მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“.
გამოძიებაში ძალიან ბევრი ახალი მტკიცებულებები არსებობს, მაგრამ ეს მასალა, რომელმაც გაჟონა ინტერნეტში, სრულიად მოულოდნელი იყო ბევრისთვის, რადგან იქ არის დაფიქსირებული ისეთი დაზიანებები და კადრები, რომლის არსებობაც “ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მათმა ბელადებმა არ იცოდნენ, იმიტომ რომ ეს დაზიანებები იყო დაფიქსირებული ვიდეოკასეტაზე, რომელიც, როგორც ჩანს, მათ ყურადღებით არ გააანალიზეს და არ ნახეს. ეს ვიდეოკასეტა სეიფში ინახებოდა “,- განაცხადა გოგა ჟვანიამ. ჟვანიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კადრების გასაჯაროების შემდეგ შეშფოთებულები არიან, რადგან კადრები მათ „სულელურ ვერსიებს“ ვერ ხსნის.