გამოიცა ქართულ-ინგლისური კატალოგი – „აღმოსავლური კოლექციები საქართველოში“
გამოვიდა ქართულ-ინგლისური კატალოგი – „აღმოსავლური კოლექციები საქართველოში“. ინფორმაციას გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ერთი ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ამბავი გვაქვს – „საქართველოს სამეფო აზიურმა საზოგადოებამ“, სტამბა „ფავორიტი სტილის“ მხარდაჭერით, გამოსცა უმაღლესი პოლიგრაფიის, ფერადი, ქართულ-ინგლისური კატალოგი „აღმოსავლური კოლექციები საქართველოში“.
კატალოგში შესულია საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოების, საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის და ზუგდიდის დადიანების სასახლეების აღმოსავლური კოლექციები… კატალოგში ბევრი ნიმუში პირველად იბეჭდება..
საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოება, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფო აზიური საზოგადოების პირველი წარმომადგენლობაა კავკასიაში, მიზნად ისახავს ჩვენს ქვეყანაში არსებული ორიენტალისტური ხელოვნების ნიმუშების, ქართულ-აღმოსავლური კულტურული და ისტორიული კავშირების კვლევას…
გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ სტამბა „ფავორიტ სტილს“ ქართული მეცნიერების მხარდაჭერისათვის… კატალოგის პირველი ეგზემპლარები ლონდონში სამეფო საზოგადოების სათავო ოფისსა და დიდი ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაემგზავრება“, – წერს გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში.