„აღარ იქნება მუდმივად საუბარი იმაზე, რომ ერთი პარტიის ხათრით მეორეს ან მესამეს ვაძლევ ხმას“
ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ არჩევნების შემდეგ ისევ შეიქმნას კოალიცია. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე აპირებენ, კოალიციიდან არჩევნებზე ყველა პარტია ცალკე გავიდეს და არჩევნების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა ფორმატში იქნება თანამშრომლობა მომავალ პარლამენტში. ვიცე-პრემიერის შეფასებით, მიმდინარე პროცესი დემოკრატიის ნაწილია.
“რამდენიმე დღის წინ ვთქვი და გავიმეორებ, რომ პროცესები, რომელიც მიდის, არის მისასალმებელი, არის დემოკრატიის ნაწილი და საქართველომ 2012 წლიდან ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით. თქვენ იცით, რომ არის სხვადასხვა გემოვნების ამომრჩეველი და ყველას ექნება საშუალება, გააკეთოს თავისი არჩევანი. აღარ იქნება მუდმივად საუბარი იმაზე, რომ ერთი პარტიის ხათრით მეორეს ან მესამეს ვაძლევ ხმას. ამომრჩეველს ძალიან ბევრი საშუალება ექნება, გააკეთოს სწორი არჩევანი”, – განაცხადა კახა კალაძემ.