გიორგი კვირიკაშვილი: უსაფრთხოების კუთხით დღეს არსებული ახალი გამოწვევები პასუხებს მოითხოვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს სწრაფვა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ წასვლას. როგორც პრემიერმა ნატოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დღეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები და მასშტაბები, რომელთა წინაშეც დადგა მსოფლიო, ალიანსის წევრებისა და პარტნიორებისგან მოითხოვს სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესებას.
“დღეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები და მასშტაბები, რომელთა წინაშეც დადგა მსოფლიო, ალიანსის წევრებისა და პარტნიორებისგან მოითხოვს სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესებას. ეს არის ეფექტიანი ბრძოლის საშუალება ევროატლანტიკურ სივრცეში და მის საზღვრებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. ამიტომაც იქცა სტრატეგიული კომუნიკაცია ჩვენი პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად. უსაფრთხოების კუთხით დღეს არსებული ახალი გამოწვევები პასუხებს მოითხოვს და სწორედ ამ საკითხებს დაეთმობა დღევანდელი ფორუმი. სახალხო დიპლომატიის ფორუმი სწორედ ის ფორმატია, რომელიც იძლევა ახალი გამოწვევებისა და სტრატეგიების განხილვის, ერთმანეთისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და შედეგების შეჯამების შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ საქართველოში სახალხო დიპლომატიის ფორუმის ჩატარება ყურადღების ცენტრში მოაქცევს ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებსაც. დარწმუნებული ვარ, თბილისის ფორუმი ხელს შეუწყობს სახალხო დიპლომატიის ექპერტთა ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად საერთო სტრატეგიებისა და მიდგომების შემუშავებას”, – განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ფორუმის ორგანიზატორებს – ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები