“ნაციონალები“ აჟიოტაჟით სააკაშვილის პოლიტიკურ დევნილად წარმოჩენას ცდილობენ“

რაც უნდათ ის ილაპარაკონ ჩვენზე, ჩვენი მთავარი მიზანია ამ გამოძიების დასრულება – ეს განცხადება ზურაბ ჟვანიას ძმამ გოგლა ჟვანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე “ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით გააკეთა. როგორც მან განაცხადა, “ნაციონალები“ ყველანაირად ცდილობენ აჟიოტაჟის ატეხვას და სააკაშვილის პროკურატურაში დაბარებისთვის პოლიტიკური სარჩულის დადებას. მისი თქმით, საქმის გამოძიება დასკვნით ფაზაში გადავიდა და ვიდრე არ დასრულდება, ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები კონკრეტულ ფაქტებზე საუბრისგან თავს შეიკავებენ.
„ახლა მიდის ძალიან ინტენსიური პროცესი. უმოკლეს დროში საქართველოში საერთაშორისო ექსპერტები ჩამოვლენ. გამოძიება დასკვნით ფაზაში გადადის. „ნაციონალები“ ცდილობენ, ააგორონ აჟიოტაჟი, რომ ეს სამართლებრივი ჩარჩოებიდან პოლიტიკურ სფეროში გადავიდეს. უნდათ, სააკაშვილი პოლიტიკურ დევნილად წარმოაჩინონ. გამოძიებას და ოჯახს არ აწყობს ეს პროცესი. ამიტომ იყო, რომ ჩვენ კომენტარებისგან თავს ვიკავებდით. არ ვაპირებთ გამოძიების დასრულებამდე არანაირი კომენტარების კეთებას. რაც უნდათ ის ილაპარაკონ ჩვენზე, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ეს გამოძიება დასრულდეს. გამოძიების დასრულების შემდეგ, თუ ვინმეს დააინტერესებს, ამ წლების განმავლობაში როგორ ვცხოვრობდით და რას ვაკეთებდით, სიამოვნებით ვისაუბრებ. ვერსიებზე ვერ ვიმსჯელებთ იმიტომ, რომ გამოძიება მიდის. დარწმუნებული ვარ, გამოძიება შედეგიანად დასრულდება და შემდეგ კონკრეტულ ფაქტებზე ვისაუბრებთ “,- განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები