„არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც თავიანთი ოჯახის ღირსებით ვაჭრობენ“
ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე განმარტებას აკეთებს იმის შესახებ, თუ რა კონტექსში ჰქონდა საუბარი თანხაზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. ამის შესახებ დღეს სპეციალურ პრესკონფერენციაზე ქადაგიძემ განაცხადა.
„რაც შეეხება თანხას, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მე თანხაზე მქონდა საუბარი, იყო მხოლოდ იმ კონტექსტში, როდესაც მე ვცდილობდი, რომ სხვა ვერსიებზეც მესაუბრა. ერთადერთი ჩემი ვერსია იყო, – რადგან დაცვის უფროსმა ზურას ჯიბიდან ამოიღო გასაღები, ღამე გახსნა მისი ორი სეიფი,- იქნება აქ იყო ადამიანის ანგარების რაიმე მომენტიც და ეს მკვლელობა მოხდა, შეიძლება იმის გამოც, რომ ამ ადამიანმა რაღაცა იქიდან მოიპარა. შეიძლებოდა ეს თანხაც ყოფილიყო. მით უფრო, რომ მე ვიცოდი, სეიფში შენახული ჩემი პირადი ნივთები დაკარგული იყო. აი ეს იყო ის საუბარი, რომელიც თანხას შეეხებოდა. რაც შეეხება იმას, თითქოს ბადრი პატარკაციშვილმა მითხრა რაღაცა, ეს თამარ დეკანოსიძის გარდაცვლილი ადამიანის მოწმედ მოყვანას ჰგავს ძალიან. მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც თავიანთი ოჯახის ღირსებით ვაჭრობენ“, – აღნიშნა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ.