დავით ბაქრაძე: ყველა დასაჭერი ვიყავით

„2004 წლის პერიოდში ყველა დასაჭერი ვიყავით, რადგან გადასახადებს არ ვიხდიდით“,- აღნიშნული განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალ „სარკესთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
მისივე თქმით, ყოფილ ხელისუფლებაზე ბევრი საქმის აღძვრა შეიძლებოდა.
„მაგალითად, მე გზას და დენს ვიპარავდი. ბევრი საქმის აღძვრა შეიძლებოდა მაშინდელ ხელისუფლებასა და მის საქმეებზე, მაგრამ მაშინ ფართომასშტაბიანი დაჭერა ქვეყანას დააზარალებდა. ამიტომაც არ აღიძრა საქმე მაშინდელ პრეზიდენტზე, ყოფილი მთავრობის დიდ ნაწილზე და ეს იყოს სწორი პოლიტიკური სვლა“, – აცხადებს ბაქრაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის შანსებზეც საუბრობს.
„დარწმუნებული ვარ, არჩევნების მოგების დიდი შანსი გვაქვს. „ნაცმოძრაობა“ დღეს ბევრად მეტად წინ არის, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. მაშინ შეცდომებზე არავინ დაგელაპარაკებოდათ, დღეს ყველაფერზე ღია მსჯელობა მიმდინარეობს – რა შეგვეშალა, რამ გამოიწვია ხალხის გაღიზიანება და ა.შ. თანაც ერთადერთი პარტიაა საქართველოში, რომელსაც რაღაც აქვს გაკეთებული“, – აღნიშნავს ბაქრაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები