„ისტორიული საბუთების დედნების დიგიტალიზაცია და მონაცემთა ბაზა“

   პროექტის – „ისტორიული საბუთების დედნების დიგიტალიზაცია და მონაცემთა ბაზა”- ფარგლებში, 5000 ისტორიული საბუთის ციფრულ ფორმატში გადატანა მოხდა და შეიქმნა მონაცემთა ბაზა.
2 აპრილს, 17 საათზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში ამ პროექტის პრეზენტაცია და ისტორიული საბუთების გამოფენა გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში ისტორიული საბუთების შესახებ მომზადებული ვიდეორგოლის ჩვენება მოეწყობა. მონაცემთა ბაზისთვის შეიქმნა საგანგებო პროგრამა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია დოკუმენტებში მოხსენიებული ისტორიული პირების, გეოგრაფიული სახელებისა და იმის მოძიება, თუ ვინ იყო საბუთის დამწერი. ამასთან, მონაცემთა ბაზის სხვადასხვა ველებში განსაზღვრულია დოკუმენტის სახეობა, მისი დაწერის თარიღი, ზომა, მასალა, მელანი, ჭვირნიშანი და ორთოგრაფიულ-პუნქტუაციური თავისებურებანი.
შეგახსენებთ, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია ჩვენამდე მოღწეული უძველესი საისტორიო დოკუმენტის დედნები. საისტორიო საბუთები მოიცავს შუა საუკუნეების საქართველოს ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს, – მეფის ბრძანებებიდან დაწყებული, პირადი წერილებითა თუ საყოფაცხოვრებო ურთიერთობების ამსახველი დოკუმენტებით დამთავრებული. ისტორიული საბუთების დედნები შესრულებულია ეტრატზე ან ძველი წარმოების ქაღალდზე. პროექტი შოთა რუსთაველის ერონულმა სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები