გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას – ვიდეო
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. გავრცელებული ინფორმაციით, „ბირთვული უსაფრთხოების სამიტი – 2016“ 31 მარტს დაიწყება და 1 აპრილს ერთობლივი კომუნიკეს მიღებით დასრულდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პეზიდენტი თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას სახელით მსოფლიო ლიდერებისათვის გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრება და სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
აღსანიშნავია, რომ ბირთვული უსაფრთხოების სამიტს 52 ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან – მათ შორის იაპონიის, ჩინეთის, კორეის, საუდის არაბეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, პოლონეთის სახელმწიფოს ლიდერები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების – ინტერპოლის, გაეროს, ევროკავშირის და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები. სამიტს აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა გახსნის. სამიტის მიზანი ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ინსტიტუტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაა.