„რუსეთი ახლა უფრო იზოლირებულია, ვიდრე საქართველოსთან ომის დროს“
რუსეთი ახლა უფრო მეტად იზოლირებულია, ვიდრე საქართველოსთან ომის დროს – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჰააგაში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენ არ ჩავერთვებით რუსეთთან ომში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი არ იქნება იზოლირებული. რუსეთი, ამ შემთხვევაში უფრო მეტად იზოლირებულია, ვიდრე ხუთი წლის წინ, საქართველოსთან ომის დროს“, – აღნიშნა ობამამ.
ობამას თქმით, რუსეთი რეგიონული ძალაა, რომელიც ემუქრება ზოგიერთ თავის უშუალო მეზობელს, ობამა ფიქრობს, რომ ეს სისუსტის გამოვლინებაა და არა – ძალის. ამასთან, ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ უკრაინა იყო ქვეყანა, სადაც რუსეთს ათწლეულების განმავლობაში, საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული, უზარმაზარი გავლენა ჰქონდათ.
“ჩვენ მნიშვნელოვანი გავლენა გვაქვს ჩვენს მეზობლებზე, მაგრამ არ გვჭირდება მათ ტერიტორიაზე შეჭრა, მათთან ძლიერი ურთიერთობისთვის”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.