დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, მაქსიმ ლისენკოს შეხვდა
ბელარუსის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, მაქსიმ ლისენკოს შეხვდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მნიშვნელობას, რომელიც დაეფუძნება გამოცდილების და პროფესიული ცოდნის ურთიერთგაზიარებას. მხარეები შეთანხმდნენ, საჭიროებების გათვალისწინებით, გარკვეულ ვადებში განისაზღვროს თანმშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.
„გარემოს დაცვა სახელმწიფო მნიშვნელობის პრიორიტეტია. ჩვენ ვახორციელებთ სახეობათა აღდგენის რამდენიმე პროექტს და ხელშესახები შედეგები უკვე გვაქვს. გარდა ამისა, მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების და წარმატებული გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. კლიმატის ცვლილების ფონზე, გარემოს დაცვის მიმართულებით გამოწვევები მზარდია. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომელიც საუკეთესო შედეგს მოგვცემს და ჩვენს გარემოს მეტად დაცულს გახდის. საქართველოს და ბელარუსს შორის არსებობს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პოტენციალი და ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ“, – აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული პარკების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებს, რაც გულისხმობს დაცული ტერიტორიების მართვისა და დაგეგმვის, ეკოტურიზმის განვითარების, იშვიათი სახეობების აღდგენის და მონიტორინგის, გარემოსდაცვითი განათლების საკითხებს.
„მოხარულები ვართ, რომ ორ უწყებას შორის ასეთი კავშირი დამყარდა. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, რომელიც შეგვიძლია საქართველოს გავუზიაროთ. ბატონ მინისტრთან ერთად განვიხილეთ და ორთვიან ვადაში ყველა იმ საკითხს დავამუშავებთ, რომლებზეც შევთანხმდით; ეს ეხება როგორც ნარჩენების მართვას, ასევე, გამოცდილების გაზიარებას, განსაკუთრებით დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების, ასევე, მცენარეთა ინვაზიურ სახეობებთან ბრძოლის კუთხით. ჩვენს ქვეყნებს შორის ბევრი საერთოა, ასე რომ, ნამდვილად გვაქვს მიმართულებები, რომლებზეც უნდა ვიმუშაოთ. მზად ვართ ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად“, – განაცხადა ბელარუსის რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მაქსიმ ლისენკომ.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძე და საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლაი როგაშჩუკი ესწრებოდნენ.