ირაკლი ბათიაშვილი: სუს-ი პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მუდმივ ანგარიშვალდებულებას უნდა გრძნობდეს

ყოფილი პოლიტპატიმარი ირაკლი ბათიაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პარლამენტში ანგარიშით წარდგენის ფაქტს დადებითად აფასებს.
როგორც ბათიაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, აღნიშნული სამსახური, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მუდმივ ანგარიშვალდებულებას უნდა გრძნობდეს.
ამასთან, ბათიაშვილმა სისულელე უწოდა ოპონენტების მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმების ინიციატივას. მისივე თქმით, ქვეყანაში აუცილებლად უნდა არსებობდეს უსაფრთხოების და დაზვერვის სამსახურიც, რადგან სისტემა თანამედროვე მსოფლიოშიც ასეა მოწყობილი.
„უსაფრთხოების სამსახური, გამომდინარე იქიდან, რომ ის არის სპეცსამსახური, რა თქმა უნდა, ყველა საიდუმლო ოპერაციებზე ვერ ილაპარაკებს პარლამენტში, თუმცა, ზოგადად, ანგარიშის ჩაბარება ძალიან კარგი პრეცედენტია.
ეს სამსახური, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, უნდა გრძნობდეს მუდმივ ანგარიშვალდებულებას როგორც საკანონდებლო ორგანოს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მიმართ.
მე მიკვირს, როდესაც მავანი და მავანი პოლიტიკოსი, რომლებსაც პრეტენზია აქვს პოლიტიკოსობაზე და, მით უმეტეს, ყოფილი ხელისუფლების წარმოდგენლები ლაპარაკობენ, რომ უსაფრთხოების სამსახური უნდა გაუქმდეს, როგორ შეიძლება ასეთ სისულელეს ლაპარაკობდეს.
ყველაზე დიდი სისულელე და მარაზმი იყო ის, რაც ხდებოდა სააკაშვილის დროს, როდესაც ყველაფერი ერთ ქვაბში ჩაყარეს და ყველაფერი შეერთებული იყო ვანო მერაბიშვილის უწყების ქვეშ. არ არსებობდა არც ცალკე სპეცსამსახური და, როგორც საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა, ერთიანი შინაგან საქმეთა სამინისტრო, რაც ახასიათებს ავტორიტატულ ტოტალიტარულ სისტემას.
უნდა არსებობდეს უსაფრთხოების სამსახურიც, დაზვერვის სამსახურიც, ეს ასეა თანამედროვე მსოფლიოში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ანგარიშის ჩაბარების პრაქტიკა ძალიან კარგია, ნიჭიერი და პროფესიონალი კადრებიც არსებობენ, ვიცი, რომ ინტენსიურად მუშაობენ ტერორისტული საფრთხეების პრობლემებზე, მაგრამ არხეინად არ უნდა ვიყოთ და მაშინ, როდესაც უჭირს ევროპას, ამერიკას, რუსეთს, ჩვენ უნდა გავითვალისიწონოთ, რომ ნაკლებად მომზადებულები ვართ ამ საფრთხეების წინაშე, რომელიც დღითი დღე უფრო მოიმატებს. თუმცა შეიძლება ჩვენ სამიზნე არც გავხდეთ“,- განაცხადა ბათიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები