მაია ბითაძე: ჩვენ მზად ვართ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებისთვის, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ საქართველოში სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებმა თითი გვიქნიონ
ჩვენი განცხადებული პოლიტიკა ევროკავშირში გაერთიანების შესახებ არამხოლოდ კონსტიტუციით არის გამყარებული, ეს არის ყოველდღიური მესიჯობოქსი, რასაც ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები ვაჟღერებთ როგორც შიდა ურთიერთობებში ასევე იმ საერთაშორისო შეხვედრებზე, მათ შორის იმ მაღალი დონის შეხვედრებზე რომლებიც ყოველდღიურად იმატებს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, პარტნიორებთან მაღალ დონეზე ურთიერთობების სრულფასოვნად აღდგენა, შეუქცევადი პროცესია, რისთვისაც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უცხოელებზე, რომლებიც აკრიტიკებენ ქართული ოცნების ხელისუფლებას, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ადამიანები არ წარმოადგენენ ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს პოზიციას, მათ შორის იმ საერთაშორისო ორგანიზაციების, რომელთა წევრი ევროკავშირის სახელმწიფოები არიან. ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ რაღაც მესიჯები იკვეთება (და პრემიერის ბოლო ვიზიტი ამის ნათელი დადასტურებაა) სადაც ნათლად ჩანს, რომ ევროკავშირი როგორც ბიუროკრატიული მექანიზმი უკვე კარგად ხედავს იმას, რომ დროა დიალოგის მაღალი ფორმატი ნელ-ნელა გაიხსნას საქართველოსთან, გამომდინარე იქიდან, რომ ეს დუმილი და წყვეტა, კარგი არაფრის მომტანი არ არის. საქართველოს პრემიერი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ამბობს, რომ ჩვენ მზად ვართ თუნდაც მოლაპარაკებების დაწყებისთვის ხვალინდელი დღიდან, ჩვენ მზად ვართ და ველოდებით იმას, რომ მივიღებთ მხარდაჭერას შეფასების საფუძველზე, რა შეფასებითი კრიტერიუმებიც არსებობს კანდიდატის სახელმწიფოებისთვის, ეს არის ის რეალობა, რომლითაც ჩვენ ვცდილობთ, რომ რეალურად განვაახლოთ ურთიერთობები იმ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებთანაც, მათ შორის, მეგობრულ ურთიერთობებში ცალმხრივად ვრჩებით, (ბალტიისპირეთის ზოგიერთ სახელმწიფოს ვგულისხმობ) ასე რომ, შეუქცევადი პროცესია ადრე თუ გვიან მაღალ დონეზე ურთიერთობების სრულფასოვნად აღდგენა. საქართველოს მოსახლეობა უკვე ძალიან კარგად ხედავს რომ საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.
რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც ხელისუფლება, მმართველი გუნდი, ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატებიდან ადეკვატური რეაგირებას იმ მესიჯებზე, რომელიც ჩვენი მხრიდან მიდის. ჩვენ მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის და ახალ ეტაპზე გადასვლისთვის და ჩვენ ასევე მზად ვართ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებისთვის. მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ რომელიმე სახელმწიფოდან დიქტატორული მეთოდებით ესაუბრონ საქართველოს ხელისუფლებას, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას და არამცდაარამც იმ პირობით, რომ საქართველოში უცხოეთის სახელმწიფოების წარმომადგენლებმა თითი გვიქნიონ, იპოზიორონ იმ ბანერების წინაშე, სადაც დამაკნინებლად არის მოხსენიებული საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც რადიკალები თვლიან, რომ მათთვის მიუღებლები არიან. ასე რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინება, ბუნებრივია არის ის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც ჩვენ ურთიერთობების დალაგების ახალ ეტაპზე გადაგვიყვანს“, – აღნიშნა ბითაძემ.