მაია ბითაძე: ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც შეიძლება ითქვას, სულ ღაფავს და ეჭიდება ყველაფერს, რომ დახატოს სურათი, სადაც საქართველო არის დაქცეული

ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც შეიძლება ითქვას, სულ ღაფავს და ეჭიდება ყველაფერს, რომ დახატოს სურათი, სადაც საქართველო არის დაქცეული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ისინი იმაზეც თანახმა არიან, რომ რომელიმე უცხო სახელმწიფომ საქართველოს ბომბებიც კი დაუშინოს, ოღონდ „ქართული ოცნება“ აღარ იყოს ხელისუფლებაში.

„ჩვენ კარგად უნდა დავაკვირდეთ ერთ გარემოებას, რომ რადიკალური ოპოზიცია ხარობს იმასთან დაკავშირებით, რომ სადღაც უცხოეთში ვიღაცამ რაღაც თქვას ანტიქართული და ეს წარმოაჩინონ რაღაც გამარჯვებად.

ჩვენ ისიც გვახსოვს, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც 2008 წელს წაგებული ომი გვაზეიმეს, აზეიმეს ერს და ულოცავდნენ. ასე, რომ ეს ფურცელიც გადაივლის, კიდევ ერთი იმედგაცრუება ელოდება მათ ამომრჩეველს. ყველაზე მთავარია ის მავნებლური ქმედება, რასაც ჩვენი რადიკალები აკეთებენ და ნერგავენ. თუ ამერიკელებისთვის, მაგალითად სიტყვა ამერიკის ინტერესები ეს არის ეროვნული ღირსებისა და ზოგადად, თვითმყოფადობის მთავარი საფუძველი, თუ „ქართული ოცნება“ საუბრობს ქართულ ინტერესებსა და პროქართულობაზე, ისინი ამას ნათლავენ როგორც ანტიამერიკულს ან პრორუსულს.

შესაბამისად, საბოლოო ჯამში, ის რომ იკლო პროტესტის ტალღამ, ის რომ ბევრად მეტმა ადამიანმა გაიაზრა თუ რასთან გვაქვს საქმე, სწორედ გამოწვეულია, მათ შორის ამ მავნებლური პროპაგანდით, რომელიც ცდილობს, რომ დააკნინოს ყველაფერი, რაც არის ქართული.

კიდევ ერთხელ ძალიან ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ „ქართული ოცნება“ არც ანტიამერიკულია, არც ანტიდასავლურია. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ცდილობს ამ ძალიან რთულ პირობებში, გეოპოლიტიკურ ვითარებაში და ამ ძალიან ცხელ გარემოში, ომებსა და კონფლიქტებს ვგულისხმობ, შეინარჩუნოს ეკონომიკური ზრდა და შეინარჩუნოს მშვიდობა ამ ქვეყანაში.

საბედნიეროდ, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამას ხედავს, იაზრებს. ისიც ძალიან კარგად ახსოვს საქართველოს მოსახლეობას, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში, მათ შორის ამერიკის მხარდაჭერის კუთხით, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, ყველაზე მეტი თუ ვინმეს გაუკეთებია ამ რეგიონში და ეს ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები