გიორგი ჩაკვეტაძე: ჯერ კიდევ ბევრი საკითხი არის და ბევრი ადამიანი არის გამოსაკითხი საგამოძიებო კომისიაზე
„ჯერ კიდევ ბევრი საკითხი და ბევრი ადამიანი არის გამოსაკითხი საგამოძიებო კომისიაზე,“- ამის შესახებ განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კომისიის დასკვნა საჯარო გახდება.
„ჯერ კიდევ ბევრი საკითხი არის, ბევრი ადამიანი არის გამოსაკითხი ამ კომისიაზე. ივნისის პირველ ნახევრამდე პერიოდი არის დარჩენილი. დარწმუნებული ვარ, საგამოძიებო კომისია აქტიურად გამოიყენებს ამ დღეებს, დარჩენილ კვირებს და შემდეგ უკვე დასკვნა დამუშავდება, რომელიც საჯარო გახდება საზოგადოებისთვის და მიეწოდება ყველა შესაბამის უწყებას”, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე მიწვეულნი არიან ალექსანდრე მეგუთნიშვილი და რუსუდან შარაძე.
კომისია საკუთრებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების შელახვის, ასევე, ქართველი მოღვაწის, გურამ შარაძის სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებს განიხილავს.