ღვინის ეროვნულ სააგენტოში Messe Dusseldorf-ის ოფიციალურ წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა
Messe Dusseldorf-ის ოფიციალური წარმომადგენელი მოლდოვაში, სამხრეთ კავკასიის და აზიის ქვეყნებში, მიხეილ მანდელი, საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს, ზურაბ ვაჭარაძეს შეხვდა.
გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მდებარე საგამოფენო სივრცე Messe Dusseldorf ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენის „ProWein” ორგანიზატორია როგორც ქალაქ დიუსელდორფში, ისე მსოფლიოს სხვა ქალაქებში.
ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს გამოფენებში ProWein მრავალწლიანი მონაწილეობის და თანამშრომლობის შედეგები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ქართული ღვინის წარდგენის პერსპექტივებს და მიზანშეწონილობას გამოფენებზე ProWein ჰონგ-კონგში, სინგაპურსა და ბრაზილიაში. შეხვედრას ესწრებოდა სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ღონისძიებების/გამოფენების სამმართველოს უფროსი ელენე კიკნაძე.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გამართული გამოფენის ProWein Dusseldorf ფარგლებში, საქართველოს მონაწილეობის საიუბილეო 25 წლისთავი აღინიშნა. გარდა დიუსელდორფისა, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო ProWein-ის გამოფენებზე იაპონიასა და ჩინეთში.
ყოველწლიური გამოფენა ProWein, რომლის მთავარი გამოფენაც დიუსელდორფში იმართება, წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის. გამოფენის ფარგლებში მწარმოებლები ამყარებენ ახალ კონტაქტებს, მათ შორის იმპორტიორებთან, ეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მომსახურებებს.