ირაკლი ზარქუა: განსხვავებული აზრი თუ ვინმეს გააჩნია, არ შეუძლიათ კამათი არგუმენტებით, პირდაპირ გადადიან ბულინგზე, შეურაცხყოფაზე

განსხვავებული აზრი თუ ვინმეს გააჩნია, არ შეუძლიათ კამათი არგუმენტებით, პირდაპირ გადადიან ბულინგზე, შეურაცხყოფაზე, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ეს არახალია, ჩვეულებრივად დაგეგმილი, ორგანიზებული. განსხვავებული აზრი თუ ვინმეს გააჩნია, არ შეუძლიათ კამათი არგუმენტებით, პირდაპირ გადადიან ბულინგზე, შეურაცხყოფაზე. თქვენ ნახეთ, შემდეგ უკვე გადადიან შეტევაზე. ჯერ მცდელობა აქვთ, რომ იქვე შეურაცხყოფა მოგაყენონ, შემდეგ მცდელობა აქვთ, რომ ეს ყველაფერი გააყალბონ. გახსოვთ თქვენ, როგორც კი ეს ინციდენტი მოხდა, შემდეგ გამოიძახეს პატრული, მთელი კრიმინალური პოლიცია. ღამის სამ საათზე ჩვენებებზე დავდიოდით. დღეს როგორ შემოატრიალეს? ზარქუამ გვიჩივლაო. ჩანდა პირდაპირ, როგორ გამოვდივართ, შემდეგ გვხვდებიან, შეურაცხყოფას გვაყენებენ და ჩაუწერიათ, რომ ფიზიკურად იძალადეს ჩვენზე, შეურაცხყოფა მოგვაყენეს და ა.შ. აქ ეს არ არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ეს ხალხი შესაცოდია ჩემი აზრით, ვინაიდან მათ იყენებენ“, – აღნიშნა ზარქუამ.

მისი თქმით, უკვე მეორე დღეს მეგრელები ამბობდნენ, ორივე წკეპლით არისო გასალახი და დამსახურებულად.

„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ეს არ არის მარტო ამ ბავშვების თუ ამ ახალგაზრდების გადაწყვეტილება. ეს არის იმ დიდი პოლიტიკის, რაც უკავშირდება 26 მაისს, რომ რადიკალიზაცია მოახდინონ. დასავლეთიდან ამას გარკვეული ჯგუფები მხარს უჭერენ, ახალისებენ. ადგილობრივი, ე.წ. პოლიტიკოსები, რადიკალები ამას ორგანიზებას უკეთებენ.

მე კითხვაც დავსვი, ციხეში რომ სხედან ახალგაზრდები, რომელიმე პოლიტიკური ლიდერი არის იქ? არა. მიუშვებენ, მიუგდებენ ამ ბავშვებს და შემდეგ ხდება უკვე ამ ბავშვებზე ჯოხის გადატეხა. მე არაერთხელ მივმართე ახალგაზრდებს და მშობლებს, ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლოებს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისივე თქმით, უკვე პირდაპირ სისხლს ითხოვენ, სექტასავით არიან, ყველაფერზე მიდიან, არავის ინდობენ.

„ოღონდ რევანშის სურვილით, ყველაფერზე მიდიან რასაც დაუკვეთენ დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან. ეს გოგონა, რომელიც დამხვდა შეურაცხყოფას მაყენებს, ამ დროს აღმოჩნდა, რომ დედამისი რუსეთის მოქალაქეა. თვითონ იქ არიან გაზრდილი და შენ გამუნათებენ“, – განაცხადა ზარქუამ.

არსებული ინფორმაციით, მარიამ სიჭინავამ და გერმანული ფონდის ბენეფიციარმა კერენ ესებუამ ზუგდიდში ირაკლი ზარქუას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები