ანა წითლიძე: ჩვენ ძალიან ბევრი მოვითმინეთ, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი, როგორც ოპოზიციის ლიდერი ვერ შედგა, როდესაც მიტინგზე ეძახდნენ, „დედოფალო“, მაშინაც არ მქონდა მოლოდინი
სალომე ზურაბიშვილი, როგორც ოპოზიციის ლიდერი ვერ შედგა, ეს ფაქტია, ზურაბიშვილმა ოპოზიცია ვერ გააერთიანა, მათ შორის, თავის ირგვლივაც, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“, როდესაც სალომე ზურაბიშვილთან სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შეხვედრებზე მიდიოდა, არ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი „რამეს იზამდა“.
„ერთიანობისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. არა იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი დედოფალი გვეგონა და ყველაფრის შემძლე იყო, არც იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილის წინა ცხოვრებიდან გაკეთებული განცხადებები დაგვავიწყდა ან ბევრი მისი ქმედება – არა! „ნაციონალურ მოძრაობას“ მიგვაჩნდა, რომ მიუხედავად განსხვავებებისა, სალომე ზურაბიშვილის მიმართ დამოკიდებულებისა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მისი არასამართლიანი პოზიციისა, ყველაფერი გავაკეთეთ ერთობისთვის, რომ პროცესი ყოფილიყო უფრო ნოყიერი. მიუხედავად პირადი თავდასხმებისა, შეურაცხყოფებისა, მათ შორის შიგნით შეხვედრებზე, ჩვენ ძალიან ბევრი მოვითმინეთ, რადგან გვჯეროდა და გვჯერა, რომ ერთიანი ფრონტი არის ის, რაც ამ რეჟიმს დაამარცხებს.
სალომე ზურაბიშვილი, როგორც ოპოზიციის ლიდერი, ვერ შედგა, ეს ფაქტია. ზურაბიშვილმა ოპოზიცია ვერ გააერთიანა, მათ შორის, თავის ირგვლივაც.
ჩვენ როდესაც სალომესთან შეხვედრებზე დავდიოდით და იქ ვმონაწილეობდით, მაშინაც არ გვქონია მოლოდინი. არანაირი მოლოდინი არ მქონდა და არც „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ საზოგადოებას თავისით უნდა ენახა. მახსოვს, სალომე მიტინგებზე რომ მოდიოდა, ეძახდნენ – „დედოფალო“, ეგონათ, სალომე ზურაბიშვილი რამეს იზამდა. მაშინაც, როდესაც, „დედოფალოო“, ეძახდნენ, არ მქონია იმის მოლოდინი, რომ რამეს იზამდა“, – განაცხადა წითლიძემ.