უკრაინელი სამხედროები ყირიმს ტოვებენ
უკრაინის შეირაღებული ძალების სამხედროები ოჯახებთან ერთად ყირიმს ტოვებენ. სამხედროები რეგიონიდან მატარებლებით მიემგზავრებიან – ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელზე ვალერი გერასიმოვზე დაყრდნობით წერს. მისი თქმით, სამხედროები, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს უკრაინის შეირაღებულ ძალებში განაგრძონ სამსახური, ყირიმის ორგანიზებულად დატოვებისთვის ემზადებიან. “ყველა სამხედრომ, რომელმაც გამოთქვა სურვილი, გააგრძელოს სამხედრო სამსახური უკრაინის შეირაღებულ ძალებში, უკვე ჩააბარა იარაღი და უკრაინაში გასამგზავრებლად ემზადება”, – განაცხადა გერასიმოვმა. გენშტაბის ხელმძღვანელის თქმით, სევასტოპოლში გახსნილია დროებითი სარეგისტრაციო პუნქტი, სადაც 25 მარტის მონაცემებით, 1500-მდე სამხედრო პირი დარეგისტრირდა. როგორც გერასიმოვმა აღნიშნა, ამ დროისთვის ყირიმში მდებარე 193-ვე სამხედრო პუნქტზე რუსეთის დროშებია აღმართული.