გრიშა ონიანს ირაკლი ოქრუაშვილის არ ესმის – „გორელები თვითონ მიხედავენ თავიანთ „მიცვალებულს“

საერთაშორისო საზოგადოებრივი „სტალინის“ თავმჯდომარე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლის, ირაკლი ოქრუაშვილის იმ ინიციატივას ეხმაურება, რომელიც გორში სტალინის ძეგლის დაბრუნებას ეხება.
როგორც გრიშა ონიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, ის, რასაც ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, მისთვის წარმოუდგენელია. მისი თქმით, სტალინის ძეგლი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბალანსზე კი არ უნდა იყოს, არამედ ხალხის საკუთრებაა და სწორედ ამიტომ ძველი ძეგლი ახლით არ უნდა შეიცვალოს.
„რასაც ირაკლი ამბობს, ჩემთვის ეს ამბავი წარმოუდგენელია! ძეგლი, რომელიც გორის ცენტრიდან არის აღებული, კულტურის სამინისტროს ბალანდზე არ ირიცხება და ის ხალხის საკუთრებაა. ამიტომ რატომ უნდა შეიცვალოს ის სხვა ძეგლით, ჩემთვის გაუგებარია“, – აცხადებს გრიშა ონიანი და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ სტალინის ძეგლი საზოგადოებრივ ორგანიზაცია „გორელებს“ გადასცენ.
„მოვუწოდებ ხელისუფლებას, გათავისუფლდეს სტალინის „მეურვეობისგან“ და სტალინის სახლ-მუზეუმი, რომლის შენახვაც სახელმწიფო ბიუჯეტს გარკვეული თანხა უჯდება, გადასცეს საზოგადოებრივ ორგანიზაციას, კერძოდ, საზოგადოება „გორელებს“, ისინი თვითონ მიხედავენ თავიანთ „მიცვალებულს“. თუ ოქროს საბადო, სხვა წიაღისეული, “ბორჯომი“ და ფულით სავსე ბანკები სიმბოლურ ფასად შეიძლება გადასცენ თავიანთ ახლობლებს, რატომ არ შეიძლება, „საძულველი“ სტალინის სახლ-მუზეუმი გადასცენ მეპატრონეს, რომელიც შექმნის შესაფერის ინფრასტრუქტურას და გორს ტურისტულ მექად გადააქცევს?! სტალინის ბრინჯაოს ექვსმეტრიანი ქანდაკება კარალეთთან უპატრონოდაა მიგდებული, რომელიც პირვანდელ ადგილას მივიტანოთ, აღვმართოთ და არავითარი მილიონ-ნახავარი დოლარი საჭირო არ არის! – აცხადებს გრიშა ონიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვისა და შს სამინისტროს ყოფილი მინისტრი, ამჟამად გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი ირაკლი ოქრუაშვილი ახალი ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ გორელების სურვილისამებრ გორში სტალინის ძეგლს უკან დააბრუნებს. როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „დეას“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, მან სტალინის ახალი ძეგლის შექმნის შესახებ მოსკოვში მოღვაწე ქართველ მხატვარს, ზურაბ წერეთელს უკვე ესაუბრა, რაშიც ხელოვანმა მილიონ-ნახევარი აშშ დოლარი მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები