ობამა რუსეთს ახალი სანქციებით დაემუქრა
ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსეთს მორიგი სანქციებით დაემუქრა. როგორც ჰააგაში ბირთვული უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სამიტის დასრულების შემდეგ ობამამ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში დაძაბულობის ესკალაცია გაგრძელდება, რუსეთს სანქციები ენერგეტიკის, ფინანსების, იარაღით ვაჭრობისა და ვაჭრობის სფეროებში დაეკისრება. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინისადმი რუსეთის ინტერესი და ქვეყნებს შორის ისტორიული კავშირები მოსკოვის უკრაინასთან მიმართებაში ქმედებას არ ამართლებს, კერძოდ კი, ყირიმის ანექსიის საკითხში. მანვე შეშფოთება გამოხატა უკრაინისადმი რუსეთის შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რუსეთს ელოდება დამატებითი სანქციები, რომლებიც “მსოფლიო ეკონომიკაზე ნეგატიურ ზემოქმედებას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად სერიოზულ დარტყმას რუსეთს მიაყენებს”. “სანქციები შეეხება ისეთ სექტორებს, როგორებიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, ფინანსები და იარაღით ვაჭრობა. ჩვენ ახლა ტექნიკურ დონეზე ვსწავლობთ ამ სანქციების ზემოქმედებას”, – განაცხადა ბარაკ ობამამ.