“ყოფილ თანაკლასელს სასქესო ორგანო დაანახა” – რა მოხდა 55-ე საჯარო სკოლაში

გასულ კვირას თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში ინციდენტი მოხდა.
„კვირას“ ინფორმაციით, 15 წლის გოგონას ყოფილი თანაკლასელი კ.კ- საპირფარეშოში შეუვარდა და მისი გაუპატიურება სცადა. ფაქტი იმ დროს მოხდა, როდესაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა, მანდატური კი დერეფანში არ იმყოფებოდა.
მომხდარის შესახებ არასრულწლოვანმა თანატოლებსა და დამრიგებელს მეორე დღეს უამბო.
ინფორმაციის გადასამოწმებლად „კვირა“ სკოლის დირექტორთან მაია შარტავასთან დაკავშირებას ორი დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა. მან ამ დრომდე არცერთ ჩვენს ზარსა თუ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა.
არასრულწლოვანის გაუპატიურების მცდელობის ფაქტი კატეგორიულად უარყო „კვირასთან“ საუბრისას სკოლის დირექტორის მოადგილე მარიკა ქადაგიშვილმა და არასრულწლოვანის მონაყოლზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ყოფილმა თანაკლასელმა ბიჭმა გოგონას სასქესო ორგანო დაანახა.
„გაუპატიურების მცდელობა არ ყოფილა. როგორც გოგონამ თქვა, საპირფარეშოში თავისივე ყოფილი კლასელი ბიჭი შეჰყვა და სასქესო ორგანო დაანახა. მომხდარის შესახებ ჩვენი სკოლის მოსწავლემ დამრიგებელს მეორე დღეს უამბო. ცუდ დღეში იყო, ტიროდა.
ბავშვისთვის შოკი იყო. მე მგონი იმ ბიჭისთვის სულერთი იყო კონკრეტულად ვინ იქნებოდა გოგონების საპირფარეშოში. გოგონა ახლა კარგადაა, სკოლაშიც დადის. მეგობრებიც ძალიან ამოუდგნენ მხარში. თანატოლებსაც თავად მოუყვა ყველაფერს და ვერ დაიფარა ეს ამბავი.
გოგონას მშობლები იყვნენ სკოლაში მოსულები და დირექტორმა აუხსნა, რომ დირექციისგან ამ ყველაფერს შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა“, – განაცხადა მარიკა ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილის მტკიცებით, მომხდართან დაკავშირებით, დირექციამ მოკვლევა თავად ჩაატარა და ყოფილი მოსწავლის სახელი და გვარი დისციპლინურ კომიტეტს გადასცა.
„გამოძიება ჩვენ თვითონ ჩავატარეთ. კამერებიც ამოვიღეთ, თუმცა დერეფანში არ არის კამერა, ჭრილშია და კარგად არ ჩანს. როდესაც ეს მოხდა, იმ დროს არცერთი მანდატური მე-4 სართულის დერეფანში არ ყოფილა და ეს კიდევ ცალკე პრობლემაა”, – აღნიშნა დირექტორის მოადგილემ.
ქადაგიშვილთან საუბრისას „კვირა“ სკოლის ყოფილი მოსწავლის კ.კ-ს პირადი საქმით დაინტერესდა. ქადაგიშვილის ინფორმაციით, კ.კ-მ 55-ე სკოლა არასათანადო ყოფაქცევისა და არასაპატიო გაცდენების გამო დატოვა და სწავლა სხვა სკოლაში გააგრძელა.
„ეს ბიჭი წელიწადზე მეტია სხვა სკოლაში გადავიდა. ძალიან ბევრი გაცდენა ჰქონდა. არ არის კარგი პიროვნება. რამდენიმე წლის წინ მცდელობა ჰქონდა სკოლაში თანხის აგროვების და ეს ფაქტი დროულად აღვკვეთეთ. კარგი დახასიათება არ აქვს.
ყველამ იცის, რომ გადასული ბავშვები არ უნდა შემოვიდნენ შენობაში და არც შემოდიან. ნებისმიერი ვერ შემოდის. ჩვენთან არის მკაცრი კონტროლი, მაგრამ ეს ადამიანი ზუსტად იმ დროს არის შემოსული, როდესაც დილით ბავშვების ნაკადი სკოლაში ერთიანად შევიდა. გამიგეთ, 1 600 ბავშვს ვერ დაუდგება დარაჯი სახით ამოცნობას ვერ დაიწყებს. რთულია, თუმცა ყველამ იცის, რომ კონკრეტულად ეს პიროვნება არ უნდა შემოუშვან სკოლაში თავისი ცუდი ისტორიის გამო.
რაღაცა პერიოდი მე დავაფიქსირე და გავუშვი სკოლიდან, მაგრამ როგორც ჩანს საიდანღაც არის გადმომძვრალი”, – განაცხადა ქადაგიშვილმა, რომელიც ვარაუდობს, რომ ყოფილი მოსწავლე სკოლის შენობაში შესვლას ვეღარ გაბედავს.
„არამგონია, რომ მან კიდევ გაბედოს სკოლაში შემოსვლა“,-დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები