“თანამდებობის პირები, ვისზეც მაკომპრომეტირებელი მასალები არსებობს, უნდა გადადგნენ”

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირები, ვისზეც მაკომპრომეტირებელი მასალა არსებობს, თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ.
“ამაზრზენია და ალბათ არაკაცურიც, ვიღაცის საძინებელში რაღაცებს რომ აყენებ, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ამ ყველაფერს მიაბეს მეორე თემა, თითქოს, რადგან თვალთვალი ამაზრზენია, ამიტომ ვიდეოების მონაწილე ყველა პერსონაჟი გმირია. ასე არ არის. მე თავს წმინდანად არ მივიჩნევ, რომ ვინმეს ასეთ საკითხებზე მივუთითო, ვინ რა უნდა აკეთოს და ვინ ვისთან იაროს, მაგრამ არსებობს მეორე კატეგორია, უმაღლესი თანამდებობის პირები, ისინი, ვინც თანამდებობებს იკავებენ და ისინი, ვისაც თანამდებობის დაკავება სურთ, თუ ვინეზე არსებობს ასეთი მაკომპრომეტირებელი მასალა, უნდა გადადგნენ”, – აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არ უნდა ჩართულიყო კამპანიაში და კადრები არ უნდა გაენადგურებინა. თამაზ მეჭიარი ვარაუდობს, რომ აღნიშნული ვიდეოების ავტორები ფარულ ვიდეოებს თავის დროზე რამდენ ეგზემპლარად გადაამრავლებდნენ და ქვეყნიდან გაიტანდნენ.
“ეს კადრები დაუკვეთა, გადაიღო და ალბათ რამდენიმე ეგზემპლარადაც გადაამრავლა ხელისუფლებამ, რომელიც ამის შემოქმედი იყო. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ხელისუფლების შეცდომა იყო ის, რომ არ უნდა აყოლოდა იმ კამპანიას, რომელიც მაშინ იყო, რომ კადრები განადგურებულიყო, ვინაიდან ფაქტობრივად განადგურდა მხოლოდ ის კადრები, რომლებიც სამინისტროში არსებობდა, დანარჩენი ქვეყნიდან იქნება გატანილი, ზოგი ალბათ აქაც არის შენახული. სწორად მიმაჩნდა, რომ მაშინვე ბოლომდე მისულიყო გამოძიება. ასეთ რამეს ვერავინ გაბედავდა უმაღლესი თანამდებობის პირების მხარდაჭერის ან უშუალო მონაწილეობის გარეშე. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დარქმეოდა”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
დეპუტატის თქმით, ყველა დამნაშავე ციხეში არ უნდა ყოფილიყო ჩასმული, თუმცა საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა გამხდარიყო, თუ ვინ სჩადიოდა ამას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები