მაკა ბოჭორიშვილი: ის, რომ საქართველოს ხელისუფლება არალეგიტიმურია, თავად ეს მოსაზრება არის არალეგიტიმური და ამ მოსაზრებას არსებობის უფლება არ აქვს
„ის, რომ საქართველოს ხელისუფლება არალეგიტიმურია, თავად ეს მოსაზრება არის არალეგიტიმური და ამ მოსაზრებას არსებობის უფლება არ აქვს“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მინისტრის თქმით, „ქართული ოცნების“ მსგავსი ძლიერი ლეგიტიმაციით ევროპაში ბევრი ხელისუფლება არ არსებობს.
„ის, რომ საქართველოს ხელისუფლება არალეგიტიმურია, თავად ეს მოსაზრება არის არალეგიტიმური და ამ მოსაზრებას არსებობის უფლება არ აქვს. საქართველოს ხელისუფლება არჩეულია ხალხის მიერ, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის ძალიან დიდმა უმრავლესობამ და ამომრჩეველთა უმრავლესობის უმრავლესობამ გააკეთა ის არჩევანი, რა არჩევანიც გააკეთა. შესაბამისად, ეს არჩევნები ლეგიტიმურია და არჩევნებს და მის შედეგებს ლეგიტიმაციას აძლევს ხალხი.
დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ხალხმა გააკეთა არჩევანი და შესაბამისად, ხელისუფლებას ხალხის მიერ აქვს ლეგიტიმაცია მიცემული. ყველაფერი დანარჩენი, რაც შეეხება საერთაშორისო ლეგიტიმაციას, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია. ეს ყველაფერი არის ოპოზიციის თუ იმ პოლიტიკური ძალების თუ აქტივისტების სასულდგმულოდ შექმნილი, რაზეც უნდა ვაღიაროთ, რომ საზღვარგარეთ არიან აქტორები, რომლებიც ამ ყველაფერს ხელს უწყობენ საკუთარი განცხადებებით და ქმედებებით. ამას არ აქვს არანაირი საფუძველი არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ.
ერთადერთი, რაც არის არის ის, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ვიღაცას სადღაც არ მოსწონს. ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მოსახლეობის რაღაც პროცენტს ალბათ არ მოსწონს და ეს ბუნებრივია, მაგრამ არჩევანს აკეთებს მოსახლეობის უმრავლესობა და ეს არჩევანი გაკეთებულია. ასეთი ძლიერი ლეგიტიმაციით ევროპაში ბევრი ხელისუფლება არ არსებობს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.