ჯაბა სამუშიამ გამარჯვებულ სტუდენტებს ლეპტოპები გადასცა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია NASA-ს ჰაკათონის საქართველოს მასშტაბით გამარჯვებულ თსუ-ის სტუდენტებს შეხვდა და ლეპტოპებით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებთან შეხვედრაზე იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რასაც უნივერსიტეტი ახალგაზრდა მკვლევრებს სთავაზობს.

მისი თქმით, უნივერსიტეტისთვის ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

„თსუ-ის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მოინახულონ ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის – CERN-ის მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორია ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში და ჩაერთონ სხვადასხვა ექსპერიმენტში. გარდა ამისა, ჩვენი სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში და არაერთმა სტუდენტმა უკვე მიაღწია წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე. თქვენი გუნდიც სწორედ ამ წარმატებული ახალგაზრდების რიცხვს მიეკუთვნება“, – მიმართა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს.

სტუდენტებთან შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი ლაშა საღინაძე და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი პეტრე ბაბილუა ესწრებოდნენ.

თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის პეტრე ბაბილუას თქმით, „ნებისმიერ აქტივობას, რაც უკავშირდება სტუდენტების სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობას საერთაშორისო ასპარეზზე, ფაკულტეტი მხარს უჭერს. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დაფინანსებით 6 სტუდენტი სულ მალე გერმანულ-ქართული სამეცნიერო ხიდის ფარგლებში იულიხის (გერმანია) კვლევით ცენტრში გაემგზავრება. ასევე, 2 სტუდენტი ტაილანდში აზიის სამეცნიერო ბანაკის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. გვყავს უამრავი წარმატებული ახალგაზრდა მეცნიერი, რაც იმის დასტურია, რომ თუ შრომობ და ხარ შენი საქმის ერთგული, ეს აუცილებლად დაფასდება“, – აღნიშნა პეტრე ბაბილუამ.

ლეპტოპები საჩუქრად გადაეცათ NASA Space Apps Challenge Tbilisi 2024-ის გამარჯვებული თსუ-ის გუნდის „ასტერისკის“ (ლათ. „პატარა ვარსკვლავი“) წევრებს – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების სტუდენტებს: მარიამ ასლამაზიშვილს, ლუკა კეზუას, სალომე ძიგუას და სესილი ბერიშვილს (ხელმძღვანელი – თსუ ასოცირებული პროფესორი ოლეგ ხარშილაძე).

ჰაკათონმა 70-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლა საქართველოს მასშტაბით და გააერთიანა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, პროგრამირების, ინჟინერიის, დიზაინის, მონაცემთა ანალიტიკის, სთორითელინგის, ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

NASA Space Apps Challenge Tbilisi 2024-ის გამარჯვებული თსუ-ის სტუდენტების პროექტი, რომელიც გეომაგნიტური შტორმის ანალიზს მოიცავდა, საქართველოდან წარდგენილი იყო Nasa Space Apps Challenge-ის საერთაშორისო შეჯიბრებაზე და მონაწილე გუნდებიდან მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო 10 პროცენტში შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები