პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა
ბოლო წლებში, ქართულ ონლაინ მედიასივრცეში გავრცელებული პროცესების ფონზე, საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მოლოდინი და დაცულობა.
ბუნებრივია, ნებისმიერი მოქალაქის აღშფოთებას იწვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა.
ამასთან, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა თავისუფლებისა და დემოკრატიის დედაბოძია. როდესაც ამ უფლებების რღვევა იწყება, ჩნდება ტირანიის ჩანასახი.
თეორიულად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ფორმულის განსაზღვრა რთულია, რადგან სირთულეს წარმოდგენს ზღვარის გავლენა სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვასა და პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას შორის. თუმცა, აღნიშნული ხელშეუხებლობის დაცვა ბუნებრივია სახელმწიფოსა და საზოგადოების საზრუნავია.
ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ტექნოლოგიებმა შესაძლებელი გახადა ხელშეუხებელ პირად ცხოვრებაში შეჭრა.
ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან წარმოჩინდა გლობალური ინტერნეტსივრცის საფრთხეები: პორნოგრაფიული მასალების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის, ოჯახის საიდუმლოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების, შეურაცხმყოფელი გამონათქვამების, დომენური სახელების უკონტროლო განაწილების, პოლიტიკურ სივრცეში თვითრეგულირებადი ინტერნეტ-პოლიტიკისა თუ სხვა მავნე კონტექსტის სახით. ამასთან, მთავრობების მიერ კიბერსივრცის რეგულირების პროცესი 1998 წლიდან იწყება (აშშ, ევროპის ქვეყნები). საქართველოში, კიბერსივრცის რეგულირება, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
დღეს, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სფეროში, ინტერნეტი ქმნის ორი სახის გამოწვევას:
1. პირველი წარმოიქმნება კერძო სექტორში, სადაც კომერციული web საიტების მიერ გროვდება დიდი მოცულობის პირადი ინფორმაცია კონკრეტულ პირებსა და ჯგუფებზე (მაგალითად, საძიებო, სავაჭრო და სხვა ინტერნეტკომპანიების მიერ). შესამისად, აღნიშნული ინფორმაციის გამოყენების რეგულირების და კონტროლის საჭიროება მნიშვნელოვანი ხდება;
2. მეორე, წარმოიქმნება სახელმწიფო სექტორიდან. აღნიშნული მოიცავს თითოეული მოქალაქის პირად ინფორმაციას, რომელიც გროვდება სახელმწიფო უწყებების მიერ. ამ პროცესში ფორმირდება უზარმაზარი მოცულობის პერსონალური ინფორმაცია.
პრაქტიკულად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მიმართულებით, ქვეყანაში გვაქვს შემდეგი სურათი:
. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სფეროში ქვეყანაში მოქმედებს სისხლის სამართლის კანონმდებლობა;
. სისხლის სამართლის კანონმდებლობით განსაზღვრულია საზოგადოების უფლებების დაცვა;
. სისხლის სამართლის კანონმდებლობით დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ხდება ადეკვატური პასუხისმგებლობის დაკისრება;
აღსანიშნავია, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 აგვისტოს №206 დადგენილებით შექმნილი უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის ეფექტიანი მუშაობა.
ფაქტობრივად, საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა და კონტროლი ხორციელდება კანონებითა და ინსტიტუციებით. აღნიშნული კი თანამედროვე გამოწვევების ფონზე საკმარისი მექანიზმი არ არის. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ დღეს, ქვეყანაში არსებობს პირადი ცხოვრებისა და ოჯახის საიდუმლოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის დაცვის პრობლემები და გამოწვევები. პრობლემის გადაჭრის კონკრეტული გზები კანონის გამკაცრებით შედეგს ვერ აღწევს.
ამიტომ, არსებული რეალიების ფონზე, სოციალური თვალსაზრისით ჩნდება ლეგიტიმური კითხვებიც:
. საქართველოს კიბერსივრცეში გვაქვს თუ არა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის ქმედითი მექანიზმები?
. უნდა იქცეს თუ არა ზოგიერთი ტექნოლოგია არაკანონიერად მხოლოდ იმის გამო, რომ მას არ აქვს ხელსაყრელი გავლენა მოქალაქეებზე?
. პოლიტიკური პერსპექტივიდან გამომდინარე, უნდა ვიკითხოთ, როგორ შეიძლება ინტერნეტი დარეგულირებული, ან მართული ისე, რომ დაცული იყოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და ამავე დროს, ადგილი ჰქონდეს ინეტრნეტ-ბაზრის განვითარებას?
. ვინ არის პასუხისმგებელი პირადი ცხოვრებისა და ოჯახის საიდუმლოებასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე?
არსებითია აღინიშნოს, რომ აღნიშნული პროცესების პრევენცია, კანონის გამკაცრების გარდა, ტექნოლოგიურად – ინტერნეტ-ფილტრაციითა და ინფორმაციის ნაკადის კონტროლის მექანიზმებით – უნდა იქნას მიღწეული.
თუმცა, ამასთან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და სოციალური ინსტიტუტების (ოჯახი, ეკლესია და სახელმწიფო) დაცვით არ უნდა შეინიღბოს ინტერნეტცენზურა.
ჩვენ მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ კიბერსივრცის რეგულირება ინტერნეტის ცენტრალიზებული კონტროლისა და ადმინისტრირებისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ინტერნეტცენზურას და პოლიტიკური კომუნიკაციის იზოლაციას. რადგან, ცენზურის კონტექსტში, საზოგადოება გაკონტროლდება მაკონტროლებელი ტექნოლოგიებითა და მოწყობილობებით (აღსანიშნავია, რომ ფილტრების ანალოგები არსებობს ევროპაშიც, სადაც კონკრეტულად მავნე კონტენტი იფილტრება: საბავშვო პორნოგრაფია, რასიზმი, ტერორიზმი და ა.შ).
სამწუხაროდ, კვლევებით დასტურდება, რომ ინტერნეტში არსებული ინფორმაციის სრულად წაშლა ფაქტობრივად რთულია. შესაბამისად, ამ პროცესების პრევენცია უნდა მოხდეს დაბლოკვის მექანიზმების გააქტიურებით.
ხაზმასასმელია, რომ თავისუფლების შენარჩუნებისათვის არსებითად საჭიროა პირადი ცხოვრების უსაფრთხოების ამაღლების, ინფორმაციული კონფიდენციალობისა და უფლებების დაცვის ცოდნა.
ჯამში, ქვეყნის დაცვა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, ინფორმაციული კონფიდენციალობის, კოპირაითის, ინტელექტუალური საკუთრების (ქსელში), კონტენტის ტექნიკურად ფილტრაციის დაცვა შესაძლებელია საზოგადოების, ინტერნეტპროვაიდერებისა (ISP) და სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობის საფუძველზე.
რატი აბულაძე,
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი