ზურაბ ქადაგიძე: სამართლიანად დააკავეს თითქმის ყველა ოპოზიციური ლიდერი, საპასუხოდ კი არაფერიც არ მომხდარა – 1500-მდე კაცი შეიკრიბა მხოლოდ
„ოპოზიცია გაკოტრების გზას არ ადგას, ოპოზიცია დგას უფსკრულის პირას“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სამართლიანად დააკავეს თითქმის ყველა ოპოზიციური ლიდერი, რადგან მათ კონსტიტუციას მიაყენეს შეურაცხყოფა, ამ ფაქტის საპასუხოდ კი არაფერიც არ მომხდარა.
„რადიკალური ოპოზიცია იმ მდგომარეობამდე, რაშიც დღესაა, მივიდა იმიტომ, რომ აგენტის ბედი არის ეს – რასაც დაავალებენ, ის უნდა გააკეთოს. ოპოზიციის წარმომადგენლებს კი დაავალეს ისეთი რამ, რევოლუციის სახით, რომლის არც ძალა ჰქონდათ, არც – რესურსი, არც – შესაძლებლობა და მრჩეველიც არავინ ჰყავდათ, რომ მათთვის ეთქვა, წარმოუდგენელ რამეს ეჭიდებოდნენ.
26 ოქტომბრის არჩევნების მიხედვით ოპოზიციას პარლამენტში სერიოზული კაპიტალი ჰქონდა (ფიზიკურ რესურსს ვგულისხმობ) – თავისუფლად შეეძლოთ შეექმნათ კომისია (პარალელური კომისია თუნდაც); შეეძლოთ გამოეყენებინათ ტრიბუნა; თავისუფლად შეეძლოთ პარლამენტში შესულებს საბოტაჟი გაეწიათ ამ კომისიისთვის; შეექმნათ ხმაური და გამოეწვიათ რადიკალიზაცია (რასაც აკეთებენ და შეუძლიათ, ზოგადად, იმას ვითვლი) და ა.შ., ისინი კი ისეთი დონის სისულელეში გადავარდნენ, რომ ეს შანსიც ვერ გამოიყენეს. აქედან გამომდინარე, მათ თავიანთივე ამომრჩეველი გაუუცხოვდა, რადგან მიხვდნენ, რომ ოპოზიციას არათუ საპარლამენტო და სახელმწიფოებრივი საქმე არ უნდა ანდოს, არამედ, ისინი ქუჩაშიც კი არ არიან სანდოები. ამიტომ, ვხედავთ მაქსიმუმ 1500-მდე შეკრებილ აქტივისტს ხოლმე, რომლებიც გაურკვეველ ლოზუნგებს იძახიან, ლიდერებად კი სალომე ზურაბიშვილი და პაატა ბურჭულაძე ჰყავთ.
სამართლიანად დააკავეს თითქმის ყველა ოპოზიციური ლიდერი, რადგან მათ კონსტიტუციას მიაყენეს შეურაცხყოფა. შესაბამისად, ისინი მსჯავრს იხდიან იქ, სადაც ეკუთვნით. შედეგად კი რა მოხდა? არც არაფერი – მხოლოდ 1500 კაცი შეიკრიბა და რაღაც საინფორმაციო მიტინგი ჩატარდა“, – აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.