ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სოფელ ტანძიაში ფესტივალი „საბაობა 2025“ აღინიშნა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სოფელ ტანძიაში ფესტივალი „საბაობა 2025“ აღინიშნა.
ღონისძიების ფარგლებში, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში სულხან-საბა ორბელიანის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ თეატრალურ წარმოდგენას, კონცერტს ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით.
“ფესტივალის ფარგლებში, ასევე, მოეწყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების მიხედვით შექმნილი საბავშვო სპექტაკლების ჩვენება და სპორტული აქტივობები მკლავჭიდსა და ჭადრაკში.
ფესტივალის დასკვნით ნაწილში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, ბოლნელ მთავარეპისკოპოს ეფრემთან ერთად 2024-2025 სასწავლო წლის წარჩინებულ მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა”, – წერია ინფორმაციაში.