თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სირიის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელს მოაწერს.
მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ სანქციები კვლავ ძალაში დარჩება.
„ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის მცდელობის ფარგლებში, დღეს შუადღისას, პრეზიდენტი ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას სირიის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების პროგრამის გაუქმების შესახებ. ბრძანება მოხსნის სანქციებს სირიის წინააღმდეგ, თუმცა, ამავდროულად, შენარჩუნდება სანქციები ყოფილი პრეზიდენტის, ასადის, მისი თანამოაზრეების, ადამიანის უფლებების დამრღვევების, ნარკოტიკებით მოვაჭრეების, ქიმიური იარაღის მომხმარებლების, ISIS-ისა და მათი მოკავშირეების, ასევე ირანის მარიონეტული ჯგუფების მიმართ“, – განუცხადა ლევიტმა ჟურნალისტებს.