ტრეფიკინგში ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადამიანით ვაჭრობისთვის ბრალდებული უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დილრაბო ასლანოვა დამნაშავედ ცნო და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ასლანოვამ უზბეკეთიდან მოტყუებით ჩამოიყვანა გოგონა, რომელსაც მედდად დასაქმებას პირდებოდა. ბრალდებულმა მას თავისუფლება შეუზღუდა და განახორციელა მისი პროსტიტუციაში ჩაბმა.
„ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობისთვის ბრალდებული, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დილრაბო ასლანოვა დამნაშავედ ცნო, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ დილრაბო ასლანოვამ 2013 წლის აგვისტოში, უზბეკეთიდან საქართველოში, მოტყუებით, თითქოსდა დასაქმების პირობით უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ტ. ჩამოიყვანა. ბრალდებული მ.ტ-ს პირდებოდა, რომ ქალაქ ბათუმში ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში მედდად დაასაქმებდა, სადაც ხელფასის სახით 500 აშშ დოლარს გადაუხდიდნენ. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დილრაბო ასლანოვამ მ.ტ-ს ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ძალადობით, შანტაჟითა და იძულებით მოახდინა მისი გადაბირება და განახორციელა მისი პროსტიტუციაში ჩაბმა და სექსუალური მომსახურების იძულებით გაწევა 2013 წლის აგვისტოდან – ნოემბრამდე.
დილრაბო ასლანოვა ბრალდებულის სახით 2015 წლის 29 ივნისს იქნა დაკავებული. მოსამართლემ მას ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები