დავით უსუფაშვილი: ქართველებისთვის ევროინტეგრაციის პროცესი ისტორიული არჩევანია

საუბარია იმაზე, თუ როგორ გავწევრიანდეთ ევროკავშირსა და ნატოში, რაც შეიძლება სწრაფად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა Defence Matters-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ქართველებისთვის ევროინტეგრაციის პროცესი ისტორიული არჩევანია.

“მე ვიტყოდი, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია, უპირველესად, ეგზისტენციალური და კულტურული საკითხია. ქართველებისთვის ევროინტეგრაციის პროცესი ისტორიული არჩევანია. შეიძლება, ახლა არ არის დრო და ადგილი ისტორიული დისკურსისთვის, მაგრამ თუ რამდენიმე საუკუნით უკან წავალთ, ვნახავთ, რომ დისკუსია თემაზე: “სად ვეძებოთ სტრატეგიული პარტნიორები” მაშინაც იმართებოდა, ხოლო როდესაც ჩვენს ხალხს ჰქონდა არჩევანის საშუალება, ის ყოველთვის ქრისტიანული ევროპისკენ იყურებოდა. უკვე საუკუნეებია, რაც ჩვენ ევროპულ ცივილიზაციასთან ვახდენთ იდენტიფიცირებას”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამეტის თავმჯდომარის თქმით, როცა საქართველო იბრძოდა იმისთვის, რომ დამოუკიდებლობა დაეცვა, ევროპულმა ქვეყნებმა შექმნეს კიდევ უფრო დახვეწილი, დემოკრატიული სტრუქტურები ევროკავშირისა და ნატოს სახით.

“რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე ჩვენ ევროპული დემოკრატიების კლუბში გაწევრიანებას ვცდილობდით. სანამ ჩვენ იმისთვის ვიბრძოდით, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა დაგვეცვა, ევროპულმა ქვეყნებმა შექმნეს კიდევ უფრო დახვეწილი, დემოკრატიული სტრუქტურები ევროკავშირისა და ნატოს სახით. მაშასადამე, სადავო არ არის, უნდა გავწევრიანდეთ თუ არა ევროკავშირსა და ნატოში. საუბარია იმაზე, თუ როგორ გავაკეთოთ ეს რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ მზად ვართ, გავუმკლავდეთ გამოწვევებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ვიდრე წევრობისგან მომდინარე სარგებელს მივიღებთ. ცხოვრება მარტივი არ არის და ევროპასაც თავისი პრობლემები აქვს, მაგრამ ჩვენ უფრო ბედნიერები ვიქნებით, რომ გვქონდეს ასეთი პრობლემები და არა ისეთი, როგორიც წარსულში გვქონდა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

Defence Matters-მა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის ერთობლივი ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომლის ქართულენოვან თარგმანს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს და იგი 24 თებერვლით თარიღდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები