დავით სონღულაშვილი: გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დღეისათვის შექმნილია 270 საწარმო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი საკონსერვო საწარმო დაათვალიერა, – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„საკონსერვო საწარმო „ჯეონატურალსი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში ჯამურად მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა; მათ შორის, 450,000 ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტია, 370,000 საგრანტო თანადაფინანსება. საწარმომ, სადაც მუდმივად 40 ადამიანია დასაქმებული, 2024 წელს მილიონი ქილა კონსერვი აწარმოვა. პროდუქცია ბრენდით „სადილი“ იყიდება.

დავით სონღულაშვილმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადამმუშავებელი სექტორის წარმადობის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 270 საწარმო, რომლებიც სოფლის განვითარების სააგენტოს გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებშია შექმნილი, მოიცავს ხილისა და ბოსტნეულის, თხილის, ჩაის, კაკლის, რძის, თევზის, ხორცის, გადამმუშავებელ მიმართულებებს. ქვეყანაში იქმნება მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციას უწევს იმპორტირებულ საქონელს და ეტაპობრივად, საექსპორტო ბაზრებზეც იმკვიდრებს ადგილს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საკონსერვო საწარმო „ჯეონატურალსი“ სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი ერთ-ერთი წარმატებული საწარმოა, რომელმაც ადგილობრივ ბაზარზე თავი უკვე დაიმკვიდრა.

აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 270 საწარმო შეიქმნა, რომლებიც თანადაფინანსებულია 126 მლნ ლარზე მეტით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები