შიდა ქართლში საკვებისმიერი ბოტულიზმის შემთხვევა გამოვლინდა
20 მაისს, სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან, შიდა ქართლში საკვებისმიერი ბოტულიზმით დაავადების შემთხვევის გამოვლენის შესახებ შეტყობინება შემოვიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სეს ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა მოკვლევა დაიწყეს. არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდა ქარელში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში „ახალი ხორცი“, სადაც მოქალაქემ, რომელსაც შემდგომ ბოტულიზმი დაუდგინდა, შებოლილი ლორი შეიძინა.
ხორცის სარეალიზაციო ობიექტში (ი/მ „ბესიკ ნაყიშაშვილი“) კრიტიკული შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა ვადაგასული სურსათის რეალიზაციის გამო.
სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა შებოლილი ლორის მწარმოებელ ბიზნეს ოპერატორთანაც (ი/მ „ვახტანგ ლომიძე“, მის: ქ. ხაშური, იმერეთის ქ. N54). საწარმოში გამოვლინდა არაერთი დარღვევა, მათ შორის კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნეს ოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. დადგინდა, რომ მეწარმე საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე, დარღვეული იყო მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნები, საწარმოში არ არის დანერგილი HACCP სისტემა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თავი შეიკავოს საეჭვო პირობებში დამზადებული/შებოლილი ხორცის, თევზის, ასევე დაკონსერვებული სურსათის მოხმარებისაგან.
ბოტულიზმი მწვავე ტოქსიკო-ინფექციური დაავადებაა, რომელსაც მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს.
ბოტულიზმის პროფილაქტიკისათვის მნიშვნელოვანია სანიტარიული და ტექნოლოგიური რეჟიმის დაცვა საკვები პროდუქტების კონსერვირებისას.