ლევან მოსეშვილი ავიაკომპანია Wizz Air-ის მენეჯმენტს შეხვდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფ ევროპის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია Wizz Air-ის მენეჯმენტს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში, თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს, ისაუბრეს არსებულ გამოწვევებსა და სამომავლოდ ახალი მიმართულებების დამატების შესაძლებლობებზე.

„გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ავიაკომპანია WIZZ Air-ის ხელმძღვანელ პირებთან. განვიხილეთ ქუთაისის აეროპორტში მათი ოპერირების საკითხები, ის გამოწვევები რაც გვაქვს და სამომავლო გეგმები. ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილი იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და ახალ ეტაპზე გადავიდეს. საუბარი შეეხო ასევე, 3 ივნისიდან ლიონი-ქუთაისის მიმართულების დაწყების ოპერირების დეტალებს, რომელიც სრულიად ახალია ჩვენი აეროპორტისთვის და საფრანგეთის მიმართულებით პარიზის შემდეგ მეორე მიმართულება იქნება“, – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

Wizz Air-ის მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა და ტურიზმი იზრდება, რაც უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა კიდევ უფრო გავაღრმაოთ თანამშრომლობა.

აეროპორტების გაერთიანების სათავო ოფისში გამართულ შეხვედრას Wizz Air-ის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, ასევე ახლო აღმოსავლეთის კომერციული ოფიცერი ანდრაშ ჟაბო, Wizz Air-ის აეროპორტების განვითარების დეპარტამენტის უფროსი აკოშ ბუში და აეროპორტების განვითარების მენეჯერი აკოშ პალენსკარი ესწრებოდნენ. ქართული მხრიდან, გენერალურ დირექტორთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობდნენ აეროპორტების გაერთიანების კომერციული დეპარტამენტის უფროსი ვარლამ ჭილაშვილი და საავიაციო ბიზნესგანვითარების სამსახურის უფროსი სალომე ხუნდაძე.

Wizz Air-ი საქართველოში უკვე 2012 წლიდან ოპერირებს და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 4 ბაზირებული ხომალდი ჰყავს. ავიაკომპანია ამ პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 7 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა. ამ ეტაპზე ავიაკომპანია ქუთაისიდან 14 ქვეყნის 24 მიმართულებით დაფრინავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები