საქართველოს ბიზნესგარემოს ფრანგი მილიარდერი ეცნობა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფრანგ მილიარდერს, მოჰედ ალტრადს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2015 წლის „მსოფლიოს წლის მეწარმე”, სამშენებლო ბიზნესში ერთ-ერთი ლიდერი ფრანგული კომპანია „ალტრად ჯგუფის“ დამფუძნებელი, მწერალი და ფრანგული ელიტური სარაგბო კლუბ „მონპელიეს“ პრეზიდენტი, მოჰედ ალტრადი იმყოფება.
ფრანგ მილიარდერთან, რომელიც თბილისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა“ და EY საქართველოს მოწვევით ესტუმრა, დღეს საუბარი ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს შეეხო. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ფრანგულ ინვესტიციებს მიესალმება. მოჰედ ალტრადი საქართველოს კულტურითა და ისტორიითაა დაინტერესებული.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მოჰედ ალტრადი ქართველი სტუდენტებისთვის მეწარმეობის სულისკვეთების თემაზე ლექციას წაიკითხავს.
„ალტრად ჯგუფის“ შვილობილ კომპანიებში, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, გასულ წელს 17 000 ადამიანი იყო დასაქმებული. კომპანიის წლიურმა ბრუნვამ დაახლოებით, 1,6 მილიარდი ევრო შეადგინა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას „ალტრად ჯგუფის“ წარმომადგენლები, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები