დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს, დიმიტრის ციცარაგოს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე საფინანსო კორპორაციის მიმდინარე პროექტები განიხილეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მხარდაჭერას აღმოუჩენს საქართველოს სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რომლის მიზანია ეკონომიკის განვითარება, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ბიზნესის სტიმულირება.
მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ 4-პუნქტიანი რეფორმის მნიშვნელობას. ვიცე-პრემიერის განცხადებით, მისი განხორციელება მნიშვნელოვნად შეცვლის ქვეყანაში ეკონომიკურ ვითარებას და ხელს შეუწყობს მეწარმეობის განვითარებას, მათ შორის, ე.წ. „სტარტაფების“ წახალისებას. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, რეფორმა შეეხება ასევე მმართველობის სისტემასა და რეგიონულ პოლიტიკას, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს ევროინტეგრაციის მიმართულებით და ყურადღება გაამახვილა ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების მნიშვნელობაზე საქართველოსთვის. შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული რეფორმის მხარდაჭერისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები