2016 წლის თებერვალში 4 231 ბიზნესსუბიექტი დარეგისტრირდა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დადგინდა, რომ 2016 წლის თებერვალში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობამ 4 231 ერთეულს მიაღწია, რომელთა შორის 95.7% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 4.3% -არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი).
აღსანიშნავია, რომ ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 0.967 დონეზე დაფიქსირდა.
„ა.წ. თებერვლის თვეში დაფიქსირდა ზრდა როგორც წინა თვესთან (50.5%-ით), ასევე, წინა წლის იმავე თვესთან (2.4%-ით) შედარებით. 2016 წლის თებერვლის თვეში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 48.1%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 134.6%-ით გაიზარდა. მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 1.2%-ით და არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 37.6%-ით. ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 0.952 და 1.441 დონეებზე დაფიქსირდა“, – აცხადებენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
მათივე ცნობით, ა.წ. თებერვლის თვეში ბიზნესსუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2055 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 48.6%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 865 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 44.1%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნესსუბიექტთა 92.6% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 181 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 90 კოოპერატივი, 26 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 12 სააქციო საზოგადოება და 2 საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები