დაკარგული თვითმფრინავის მგზავრების ნათესავებმა პოლიციელებს ბოთლები დაუშინეს

 პეკინში,მალაიზიის საელჩოსთან “მალაიზიის ავიაკომპანიის” დაკარგული თვითმფრინავის მგზავრების ნათესავებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა,- ამის შესახებ ინფორმაციას “ბი-ბი-სი” ავრცელებს. დაკარგული თვითმფრინავის მგზავრების ნათესავებმა სამართალდამცავებს ბოთლები დაუშინეს და სიმართლის გაგებას მოითხოვდნენ. აქციაზე დაახლოებით 220 ადამიანი იმყოფებოდა. დაკარგული მგზავრების ნათესავები ხელისუფლებას თვითმფრინავის დაკარგვის რეალური მიზეზების დაფარვასა და მათთვის არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებენ. როგორც გუშინ “მალაიზიის ავიახაზების” ხელმძღვანელობამ განაცხადა, 8 მარტს დაკარგულ თვითმფრინავზე მყოფი არც ერთი მგზავრი ცოცხალი აღარ არის. მანვე დაკარგული თვითმფრინავის მგზავრების ნათესავებს ფულადი კომპენსაცია შესთავაზა. გუშინვე, ავსტრალიის ხელისუფლებამ უამინდობის გამო “მალაიზიის ავიახაზების” დაკარგული თვითმფრინავის ძებნა დროებით შეაჩერა. თუმცა, ავსტრალიური მხარის განმარტებით, თვითმფრინავის ძიება გაგრძელდება, როგორც კი ამინდი გაუმჯობესდება. თვითმფრინავი „MH370“ 8 მარტს გაუჩინარდა. თვითმფრინავის ბორტზე 239 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 153 ჩინელი იყო, და ის რეისს კუალა ლუმპურიდან პეკინის მიმართულებით ასრულებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები