„პროკურატურამ გიორგი პაპუაშვილი უნდა დაჰკითხოს“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ გიორგი პაპუაშვილი პროკურატურამ უნდა დაჰკითხოს. როგორც დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, განცხადება, რომელიც პაპუაშვილმა გააკეთა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს არ ეკადრება. მისი თქმით, თუ პაპუაშვილს თავისივე განცხადების გარდა რაიმე რეალური გააჩნია ხელში, რის გამოც მან განცხადება გააკეთა, ეს მტკიცებულებები პროკურატურამ უნდა შეისწავლოს.
„პაპუაშვილის განცხადება უზნეობაა, რომელიც მოსამართლეს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს არ ეკადრება. რატომ აიჭრა ასე და რამ განაპირობა, არ ვიცი. არ მინდა, დავუშვა, რომ ეს გამოცდების თემის გამო მოხდა, განსაზღვრული ჰქონდა ევროპაში წასვლა და ვერ მიიღო საკმარისი ქულები, მაგრამ ასეთი რამის დაბრალება უზნეობაა. მე ვფიქრობ, პროკურატურამ პაპუაშვილი უნდა დაჰკითხოს. თუკი პაპუაშვილს რაიმე რეალური გააჩნია ხელში, გარდა იმ განცხადებებისა, უნდა შეისწავლონ, თორე ასეთ შემთხვევაში აიღებ და იტყვი ნებისმიერ რამეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კონფიდენციალურმა წყარომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის არსებობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. პაპუაშვილის თქმით, ამ მასალების გამოქვეყნების მთავარი მომხრე იუსტიციის მინისტრია.
“კონფიდენციალურმა წყარომ გუშინ შემატყობინა, რომ აპირებენ ჩემს წინააღმდეგ უღირსი ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნებას, ქალბატონი მინისტრი დაჟინებით ითხოვს, რამდენიმე წევრი და შიდაპოლიტიკური ხელმძღვანელობა ეწინააღმდეგება. ეს კიდევ ერთი უღირსი საქციელი იქნება და კიდევ გამოაჩენს მათ სახეს. ეს ჩემზე იქნება საჯარო ზეწოლა. რა კადრებიც არ უნდა იყოს, ამის მიუხედავად, სასამართლო გააგრძელებს კონსტიტუციით ხელმძღვანელობას და დიდი აზრი არ ექნება, ამიტომ ეს იქნება ძალიან პატარა ადამიანების პირადი შურისძიება”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები