„მე და ბერძენიშვილს განსხვავებული დამოკიდებულება გვაქვს, მაგრამ ერთმანეთს მამასისხლად არ ვართ გადაკიდებულნი“
კოალიციაში პარტიების რეიტინგების მიხედვით, ნუმერაციის საკითხს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი არ ეთანხმება. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, კოალიციაში „რესპუბლიკელების“ მეორე ადგილზე ყოფნასთან დაკავშირებით მას და ბერძენიშვილს განსხვავებული აზრი აქვთ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს უპირისპირდებიან.
“ასეც რომ იყოს და რაღაც გამორჩეული იყოს მარგი ქმედების კოეფიციენტი ინტელექტუალურად, მე ვერ ვიტყოდი, რომ კოალიციის სხვა სუბიექტები რაიმეთი მოისაკლისებენ ან ცოდნას ან გამოცდილებას, მაგრამ, როგორც დავითი განმარტავს, რაოდენობით “რესპუბლიკელები” მეორენი არიან პარლამენტში და ერთადერთი პარტიაა, რომელსაც მთავრობაში თავისი პარტიის წარმომადგენელი მინისტრები ჰყავს. ეს სტატისტიკა რა საჭიროა, ვერ ვხვდები, მაგრამ რადგან ასე ამბობს, ჩვენც პრაგმატულად მივუდგეთ. ამ საკითხებზე თუ მე და ბერძენიშვილს განსხვავებული დამოკიდებულება გვაქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მამასისხლად ვართ ერთმანეთს გადაკიდებული. კარგია, რომ ის ამას ღიად ლაპარაკობს, მაგრამ მაინცდამაინც პოპულარული არ არის ეს განცხადებები როგორც კოალიციაში, ისე საზოგადოებაში”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა დავით ბერძენიშვილმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ფაქტობრივად პარლამენტშიც, მთავრობაშიც გამოკვეთილად ნომერ პირველი პარტია არის ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, მეორე პარტია არის ,,რესპუბლიკური პარტია”, რომელსაც ჰყავს მთავრობაში თავისი მინისტრები და წარმომადგენლები.