“ბატონი პაპუაშვილისთვის რაც მქონდა გამოსაქვეყნებელი, უკვე გამოვუქვეყნე – ეს გახლავთ მისი ორიანები”

ბატონი პაპუაშვილისთვის რაც მქონდა გამოსაქვეყნებელი, უკვე გამოვუქვეყნე – ეს გახლავთ მისი ორიანები, – ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნებას გეგმავს.
თეა წულიკიანის თქმით, არც მას და არც ხელისუფლების სხვა რომელიმე წევრს სხვა სახის დოკუმენტი არ აქვს.
“ბატონი პაპუაშვილისთვის რაც მქონდა გამოსაქვეყნებელი, უკვე გამოვუქვეყნე – ეს გახლავთ მისი ორიანები. მეტი დოკუმენტაცია არ მაქვს და არ აქვს არც ხელისუფლების რომელიმე წევრს. მას როგორც ჩანს, აწუხებს წარსულის აჩრდილები, თუ მას წინა ხელისუფლების დროს ვინმემ რამე ჩაუწერა, თუ მას კიევიდან, ოდესიდან ვინმე აშანტაჟებს და ალაპარაკებს, ეს სერიოზული თემა იქნებოდა. რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, ერთადერთი გვქონდა საკონკურსო ქულები, რომლებიც მისთვის სახარბიელო არ იყო, მაგრამ ყველა ღირსეულად უნდა შეხვდეს საკუთარ მარცხს. რაც შეეხება მოთხოვნებს, მაქვს მის მიმართ ორი მოთხოვნა – უნდა აუხსნას საზოგადოებას, როგორ მიიღო მაშინდელი აღმასრულებელი ხელმძღვანელისგან 1 000 ლარად ძვირადღირებული ქონება, რა გააკეთა მან ამ ქონების სანაცვლოდ, იყო თუ არა ეს მოსამართლის დამოუკიდებლობის პრინციპებთან შესაბამისი საქციელი და განიცდის თუ არა დისკომფორტს, როცა სამი მცირეწლოვანი ბავშვის საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს საკუთარ ოჯახთან ერთად. მე თუ მკითხავთ, ის არათუ სტრასბურგის, არამედ იმ პოზიციის შესაბამისიც არ არის, რომელზეც ახლა იმყოფება. მე მესმის, რომ დამარცხდა, რომ სტრასბურგში ვერ იქნება მოსამართლე, რომ სექტემბერში თანამდებობის ვადაც ეწურება, თუმცა ეს იყო კონკურსი და ამ კონკურსში ის დამარცხდა, რაც არ აძლევს უფლებას, სხვას ესროლოს ტალახი”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები