პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი პროექტს – „სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმს“ აფინანსებს

საქართველოს პრეზიდენტის სასახლემ, პროექტ „სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმის“ ფარგლებში საჯარო დისკუსიას უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
„ჩვენ ვიწყებთ ერთობლივი მუშაობის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან ციკლს, რომელშიც როგორც გამორჩეული მოაზროვნეები და მეცნიერები, ჩვენი კოლეგები ევროპიდან, ასევე საქართველოს პოლიტიკური პარტიების ანალიტიკური კვლევითი ცენტრები, საკვლევი სტრუქტურების წარმომადგენლები და ის ადამიანები არიან ჩაბმული, რომლებიც ქმნიან პოლიტიკურ ამინდს საქართველოში. ვისაუბრებთ უაღრესად საინტერესო საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად არის ჩვენი ქართული საზოგადოებრივი და პოლიტიკური დისკურსის ნაწილი. თემები, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ, უაღრესად სიღრმისეულად და იმ აუთენტური წყაროებიდან გამომდინარე, იმ მსჯელობის და შემოქმედების პროცესიდან გამომდინარე, რომელიც არის ევროპაში, ჩემი აზრით, ძალიან წაადგება იმ დისკუსიას, რომელიც მიმდინარეობს ქართულ საზოგადოებაში.
ჩვენ – ყველა ერთმნიშვნელოვნად ხაზს ვუსვამ იმას, რომ ქართული კულტურა, ქართული საზოგადოება თავისი აზრით და არსით არის ევროპული. ეს ითარგმნება საქართველოს მიერ გადადგმულ გლობალურ პოლიტიკურ ნაბიჯებში და ასევე, ჩვენი ძალიან ხანგრძლივი ისტორიიდან გამოდინარე ღირებულებებში, რაც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში. მაგრამ, ამასთანავე, ამ ბუნებრივ ევროპულობას, ამ კულტურულ ევროპულობას ბუნებრივად სჭირდება ინტელექტუალურად გაღრმავება და გადატანა სახელმწიფოებრივ პროცესში. ეს ყოველივე შეუძლებელია, თუ, ერთი მხრივ, არ გესმის საკუთარი იდენტობის და ვერ გრძნობ იმას, თუ შენ ვინ და რა ღირებულებების მატარებელი ხარ, ხოლო, მეორე მხრივ, არ გაქვს ხელი მსოფლიოს და თანამედროვე ევროპის მაჯისცემაზე.
ამ თვალსაზრისით, მეტწილად სწორედ იმ დისკუსიებს, რომელსაც მე ვადევნებ თვალს ჩვენს საზოგადოებაში, გარკვეული ზედაპირულობა ახასიათებს. ჩვენ ხშირად რაღაც ერზაც, გამარტივებულ ფორმებში ვაწარმოებთ ხოლმე ამ დისკუსიას. მთელ ამ პროცესს, მთელ ამ ფიქრს, როგორ შევქმნათ არა მარტო, ასე ვთქვათ, კულტურულად ევროპული საზოგადოება, არამედ საზოგადოება, რომელიც სახელმწიფოებრივ, საზოგადოებრივ მოწყობაში ახორციელებს ევროპულ ღირებულებებს, ხშირად ძალიან ზედაპირული სახე აქვს. ამიტომ, სიხარულით მივესალმები ჩვენს კოლეგებს, რომლებმაც გადაწყვიტეს აქტიურად ჩაერთონ მსგავს დისკუსიაში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან სისხლსავსე და ინტელექტუალური დისკუსია, და მომწონს, რომ ჩვენ შევქმენით ეს პროგრამა, კოლეგიუმი სახელმწიფო მოწყობის საკითხებზე,“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პროექტს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებითა და პროფესორ მამუკა ბერიაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ახორციელებს.
პროექტის მიზანია სახელმწიფო მოწყობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო, აკადემიური და პოლიტიკური დისკუსიების ორგანიზება საზოგადოების ჩართულობის მიზნით. ლექციები შეეხება დემოკრატიის, კონსტიტუციური და სოციალური სახელმწიფოს, ადამიანთა უფლებების, აღიარების და რელიგიის ფილოსოფიის თემატიკას და მათ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები წაიკითხავენ.
დღეს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ საჯარო ლექცია-დისკუსიას გერმანელი ფილოსოფოსი და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის პროფესორი, ასევე კვლევითი ჯგუფის „ustitia Amplificata: გაფართოებადი სამართლიანობა – კონკრეტული და გლობალური“ დირექტორი შტეფან გოზეპატი უძღვებოდა. პროექტის ფარგლებში 11 თვის მანძილზე სულ 32 საჯარო დისკუსია გაიმართება, რომელთაგან 8-ს საქართველოს პრეზიდენტის სასახლე უმასპინძლებს, ხოლო დანარჩენი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები