საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბაქოში შეხვედრა გამართეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ელმარ მამედიაროვთან, როგორც პირისპირ, ასევე დელეგაციათა გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობათა დღის წესრიგის აქტუალური საკითხები განიხილეს და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას კმაყოფილებით აღინიშნა ორმხრივი ვიზიტების აქტიური დინამიკა, რომელიც მოიცავს როგორც მაღალი დონის ვიზიტებს, ასევე დარგობრივ უწყებებს შორის მჭიდრო კონტაქტებს.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ერთობლივ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებზე. ამ კონტექსტში, მინისტრებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნისა და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელების განსაკუთრებული მნიშვნელობა.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ორი ქვეყანა განაგრძობს კოორდინირებულ მოქმედებას სატრანსპორტო დერეფნის შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის.
მიხეილ ჯანელიძემ და ელმარ მამედიაროვმა ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე. აღინიშნა, რომ მართალია, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობები აქტიურად ვითარდება, მაგრამ, ამასთან, არსებობს კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი. განიხილეს საერთაშორისო ასპარეზზე ორი ქვეყნის შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენისათვის ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზების შესაძლებლობა.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე და ქვეყნების ტურისტული პოტენციალის დემონსტრირებისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია “სოკარს” შორის მიღწეულ შეთანხმებას საქართველოსთვის ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის მოწოდებასთან დაკავშირებით. ორი ქვეყნის მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები