პირველად, Molecule G-სა და ქართველი მუსიკოსების ერთობლივი პროექტი გაიმართება
კომპანია „კოლხიდას“ ორგანიზებით, ქართველი მსმენელი ფრანგ მუსიკოსს, ჟერარ ვერანის შეხვდება. 19 მარტს, 20:00 საათზე, ფრანგი დჯ/მუსიკოსი Molecule G, ფრანკოფონიის დღეებისთვის ქართველ მუსიკოსებთან ერთად მოძრაობის თეატრში მუსიკალურ „პერფორმანსს“ გამართავს. „კვირა“ კომპანია „კოლხიდას“ დამფუძნებელს, რომან ბრისონს ესაუბრა.
– დათო ხოსიტაშვილი, სანდრო ნიკოლაძე, ელიბო, დათა ლოლაშვილი, ნიკოლოზ ლეჟავა.
კონცერტი ექსპერიმენტული ხასიათისაა. ჟერარ ვერანიმ უკვე ითანამშრომლა ქართველ 5 მუსიკოსთან, ესენი არიან: დათო ხოსიტაშვილი, სანდრო ნიკოლაძე, ელიბო, დათა ლოლაშვილი და ნიკოლოზ ლეჟავა. მათ ერთობლივი კომპოზიციები შექმნეს. სამწუხაროდ, დისკები ჯერ არ გვაქვს, რადგან ალბომი არ დამთავრებულა. კონცერტის შემდეგ ჟერარი პარიზში დაბრუნდება და თუ რომელიმე ინსტრუმენტის ჩამატება დასჭირდება, შეავსებს და ალბომიც მზად ექნება.
– სულ რამდენი კომპოზიცია შესრულდება?
– ქართველებთან ჯერ მხოლოდ 4 კომპოზიციაა, რომელსაც კონცერტზე შეასრულებენ. შესაძლებელია 2 ან 3 კომპოზიციაც მოისმინოს მსმენელმა ჟერარ ვერანის ბოლო ალბომიდან. ვნახოთ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა კონცერტამდე, იმედია, მოვასწრებთ.
– კონცერტი მოძრაობის თეატრში მსახიობებთან ერთად…
– მთავარი აქ არის მისი წინა ალბომი „Bubbles Machine“, რომელიც საფრანგეთში ჩაწერა. მეორე ალბომი მისი გაგრძელებაა. მოძრაობის თეატრში მუსიკასთან ერთად ვიდეოპროექცია მოეწყობა, რასაც თეატრის მსახიობები დაემატებიან. მიუხედავად იმისა, რომ კონცერტი ქართველ მუსიკოსებთან ერთად გაიმართება, ჟერარი ვიდეოპროექციის დახმარებით ისტორიას ყვება…
– მოლოდინი. როგორ ფიქრობთ, მიიღებს ქართველი მსმენელი?
– არ ვიცი, საერთოდ, რა რეაქცია ექნება მსმენელს ამ პროექტთან დაკავშირებით. საქართველოს, ტრადიციას და კულტურას ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი აქვს. მეორე მხრივ, არის ახალგაზრდების დიდი ნაწილი, რომლებსაც ელექტრომუსიკა აინტერესებთ. ეს ის მუსიკაა, რომელიც შეიძლება უფრო განვითარდეს საქართველოში, ვიდრე ჯაზი ან პოპი. რაც მთავარია, ესაა ორი კულტურის – ფრანგულისა და ქართულის შეხვედრა. ჩვენი პროექტი არ ნიშნავს იმას, რომ ჩამოვიყვანეთ დიჯეი, დაუკრავს და წავა. ჩვენ ჩამოგვყავს, ვაკავშირებთ ერთმანეთს და ერთობლივად ვქმნით სიახლეს, რაც, ვფიქრობ, მსმენელს მოეწონება…
– ამავე პროექტს განმეორებით თუ გეგმავთ?
– მეორე კონცერტიც გვექნება. გვინდა, რომ ეს პროექტი ქართველ მუსიკოსებთან ერთად საფრანგეთში წავიღოთ…
ნინო ჯაჯანიძე