ალუდა ღუდუშაური: ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ აშშ-თან იყოს სტრატეგიული, მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა

“ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენი ურთიერთობა აშშ-სთან უფრო მაღალ ნიშნულზე იყოს ასული, ვიდრე სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტით იყო განსაზღვრული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი ამერიკელი ხალხის მეგობარია.

„ჩვენ კიდევ უფრო მეტი გვინდა, რადგან ძალიან კარგად გვესმის – ქართველი ხალხი ამერიკელი ხალხის მეგობარია. ბუნებრივია, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან იყოს სტრატეგიული, მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაბრუნდეს ფასეულობებზე, მეგობრობასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. აქაც გულსატკენია იმ უსამშობლოების რეაქცია. როგორც კი რაიმე კონტურები გამოჩნდება, რომ ამერიკასთან ან ევროპულ სტრუქტურებთან ურთიერთობა უნდა იყოს ორმხრივი, ხედავთ რა რეაქცია მოჰყვება მათი მხრიდან. ყველაფერზე არიან წამსვლელები, არ არსებობს მათთვის წითელი ხაზი. მზად არიან საკუთარი სამშობლოს დაზიანებაზე წავიდნენ“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები