ზუგდიდში მაცხოვრის ხატს სისხლიანი ცრემლები წამოუვიდა
საჯვაროს ეკლესიაში ხატს სისხლიანი ცრემლები წამოუვიდა,- ამის შესახებ „კვირას“ დეკანოზმა ილარიონ შენგელიამ განუცხადა.
როგორც მოძღვარმა განმარტა, ტაძარში ხატი ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ქალბატონმა შეიძინა. სახლში ხატის მიბრძანების შემდეგ კი მას წითელი სითხე, სავარაუდოდ სისხლი წამოუვიდა.
„გუშინ ჩვენს ტაძარში წირვის შემდეგ ერთ-ერთმა ქალბატონმა შეიძინა მაცხოვრის ხატი,სახლში მისვლის შემდეგ ოჯახის წევრებმა შეამჩნიეს, რომ ხატზე მაცხოვრის თვალებიდან წითელი სითხე წამოვიდა, რამაც ისინი ძალიან შეაშინა, რადგან რამდენიმე თვის წინ მსგავსი მოვლენა მათ სახლში ერთხელ უკვე მოხდა- წმ.გიორგის ხატიდან წამოვიდა წითელი სითხე – გარკვეული დროის შემდეგ მათ სახლი დაეწვათ და ეს ორი მოვლენა, წმ.გიორგის ხატიდან წითელი სითხის დენა და სახლის დაწვა ერთმანეთს დაუკავშირეს. არ შემიძლია ამ მოვლენების ერთმანეთთან კავშირი არც უარვყო და არც დავადასტურო, მაგრამ წმ.წერილიდან ვიცით, რომ სინანულით,ლოცვით,მარხვითა და მოწყალებით დიდი უბედურებაც შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ“- განაცხადა დეკანოზმა ილარიონ შენგელიამ.
დეკანოზის თქმით, როდესაც ადამიანი ჭეშმარიტებას ეძებს,ღმერთი მას ამ გზაზე ზოგჯერ ნიშნებს და სასწაულებს მოუვლენს,რათა რწმენაში განმტკიცდეს და ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.